პარლამენტის აპარატის უფროსი საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 18:18
პარლამენტის აპარატის უფროსი საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატსა და შვედეთის საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვას დაეთმო პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის და საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ულრიკ ტიდესტრომის შეხვედრა.
 
სამუშაო შეხვედრის დასაწყისში გივი მიქანაძემ შვედ დიპლომატს პარლამენტის აპარატში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების თაობაზე ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან გამომდინარე, რაც მათ შორის, პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებას გულისხმობს,   პარლამენტის აპარატი მომზადებული ხვდება. აპარატის უფროსმა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან დაწყებულ თანამშრომლობასა და იმ აქტივობებზეც ისაუბრა, რომლებიც აღნიშნული ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას ითვალისწინებს.
 
შეხვედრაზე გივი მიქანაძემ ულრიკ ტიდესტრომს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების ახლადშექმნილ ქსელის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და შვედეთის ელჩს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყნის წარმომადგენელს, ექვსი ქვეყნის პარლამენტის აპარატის უფროსის შეთავაზება გააცნო, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტების აპარატის უფროსების და შვედეთის პარლამენტის ადმინისტრაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხებოდა.
 
„აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტის აპარატის უფროსების მხრიდან შვედეთის პარლამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის მზაობა გამოითქვა. თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი ექვსი ქვეყნის პარლამენტის ადმინისტრაციის უფროსის შვედეთში ვიზიტს და ურთიერთობების გაღრმავების ხელშესახები მიმართულებების თაობაზე მსჯელობას ითვალისწინებს. ეს კი თავის მხრივ, აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტების უფროსების ქსელის გაძლიერებას და ამ პროცესში შვედეთის ჩართულობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
 
შვედი დიპლომატი აპარატის უფროსის ინიციატივას მიესალმა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობის მზაობა გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი პარტნიორული თანამშრომლობის დაწყების შესახებაც ისაუბრეს, რომლის იდეაც, ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შვედეთში ოფიციალური ვიზიტის დროს გახმოვანდა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება სასიკეთო შედეგს მოიტანს ორივე ქვეყნისთვის.
 
„საქართველოსთვის საინტერესოა ის დიდი გამოცდილება, რომელიც შვედეთის პარლამენტშია დაგროვილი. შვედი კოლეგებისთვის კი მნიშვნელოვანი იქნება ღია პარლამენტის კონცეფციის ქართული მიდგომის გაცნობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ მოდელად შეფასდა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.