პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 19:05
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა

29 - 30 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის  წესრიგი განიხილეს და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. ბიურომ რამდენიმე კანონპროექტთან დაკავშირებით, ინიციატორების თხოვნის შესაბამისად, განხილვის ვადების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

სხდომაზე, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, სერგი კაპანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის თარიღით დაინტერესდა. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრა მიმდინარე კვირას შედგება.

„შეხვედრასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ამ კვირაშივე შედგება. შეგვიძლია დღესვე შევათანხმოთ თარიღი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სერგი კაპანაძე ასევე დაინტერესდა, როდის  განიხილავს პარლამენტი დადგენილების პროექტს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების საკითხს ეხება.

„კომიტეტებში საკითხის განხილვა ხდება ბიუროს მიერ დადგენილ ვადებში. ბიურომ დაადგინა ვადა, რომელიც არ იქნება დარღვეული. შემდეგი კომიტეტის სხდომა როცა ჩატარდება, ეს საკითხი იქნება დღის წესრიგში ჩასმული. ეს არის კანონით დადგენილი პროცედურა“- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე  გიორგი ლომია მიესალმება 600 000 ადამიანის გათავისუფლებას ე.წ. „შავი სიიდან“, რომელთა დავალიანებასაც ფონდი  „ქართუ“ დაფარავს. მან ფინანსური დახმარების პროექტზე უარისმთქმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების  მფლობელთა  ლუსტრაცია მოითხოვა.

აღნიშნულ საკითხს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, „ფონდი ქართუ“ მზადაა, აღნიშნული პორტფელის შესასყიდად, კომერციულ ბანკებს გადაუხადოს  იმდენი ლარი რამდენიც იქნება საჭირო. 

„რამდენიმე თვეა უკვე ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მედიატორი ძალიან აქტიურად არის სახელმწიფო. დღეს დაიდო კონკრეტული შედეგი, რომელიც თქვენ არ გიხარიათ, მაგრამ 600000 ადამიანს მოუტანს იმას, რომ გაპრობლემებული ვალების გარეშე შეძლებენ ახალი წლის შეხვედრას“, - მიმართა მამუკა მდინარაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი მაკროეკონომიკური საკითხი. „ეს პროცესი ჩვენს ყოველ მე-6 თანამემამულეს სრულფასოვნად აბრუნებს ეკონომიკაში. ამიტომ მაკროეკონომიკურად უმნიშვნელოვანესი საკითხია. 600 000 ადამიანი ფინანსური წნეხისგან თავისუფლდება. ამ საკითხს ასე უნდა შევხედოთ: ვალების ჩამოწერა ხდება, 600 000 ჩვენი თანამემამულე ბრუნდება ეკონომიკურ კვლავწარმოებაში.

თითოეული ეს ადამიანი ჩვენ გვერდით იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ  ბუნებრივ პროცესს დაუბრუნდნენ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. მისი განმარტებით, პროცესი არის ორმხრივი. „ერთი, რომ ვალების ჩამოწერა მოხდება, ამასთანავე,  მთავრობა და  ეროვნული ბანკი იწყებს მეორე პროცესს - პასუხისმგებლიან დაკრედიტებას. ამ პროცესის დასაწყისი 1 იანვრისთვის გადავიტანეთ. ეს იქნება ვალების არდაგროვების პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. მისი ინფორმაციით, ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან მოხდება.