დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს მოუსმინა
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 19:35
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს მოუსმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის შესაბამისად, ნაოსნობის წესების დარღვევისათვის დადგენილი ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა ამიერიდან დამოკიდებული იქნება ამ გემის ტექნიკურ მახასიათებლებზე, როგორიცაა წყალწვა, წონა, სიგრძე, ძრავის მოცულობა, ტონაჟობა და სხვა.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი კომიტეტს განსახილველად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გააცნო. მისი განმარტებით, მოქმედ კანონმდებლობაში ჯარიმები არის ერთი და იგივე მიუხედავად იმისა, რა სახის არის და როგორი მცურავი საშუალების მიერ ხორციელდება სამართალდარღვევა, რაც ბუნებრივია, გავლენას ახდენს იმ მოქალაქეთა სოციალურ მდგომარეობაზე, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს მცურავი საშუალებების ექსპლუატაციით მიღებული თანხა. მისივე თქმით,  იმისთვის, რომ ამ ნაწილში კანონი იყოს სამართლიანი  გათვალისწინებული იქნება მცურავი საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები, ისეევ, როგორც ჩადენილი სამართალდარღვევით გამოწვეული ზიანი და ამის მიხედვით მოხდება სანქციების დიფერენცირება. მომხსენებლის განმარტებით, ნაოსნობის წესების დარღვევისათვის დადგენილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გადახედვა დადებით გავლენას მოახდენს იმ მოქალაქეთა სოციალურ მდგომარეობაზე, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს მცურავი საშუალებების ექსპლუატაციით მიღებული თანხა.

კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით, ამავე თანამდებობაზე ასარჩევად  პაპუნა ლეჟავას დანიშვნის შესახებ საკითხი განიხილა.

პაპუნა ლჟავამ კანონმდებლებს სამოქმედო გეგმა გააცნო. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატების შეფასებით, მიღებული პასუხები არ იყო  დამაკმაყოფილებელი. თუმცა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, კანდიდატს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ წამყვანი კომიტეტის სხდომაზე  უფრო მომზადებული მივიდეს აქ დასმულ საკითხებთან მიმართებაში. „ჩვენ დავესწრებით წამყვანი კომიტეტის სხდომასაც, სადაც თქვენი მოსმენა იქნება. წინ არის ასევე პლენარული სხდომა და საბოლოო გადაწყვეტილებას იქ მივიღებთ. ახლა კი ჩვენი კომიტეტი ავანსად დაგიჭერთ მხარს“, - განაცხადა რომან კაკულიამ. 

ამ დათქმით კომიტეტის 8 წევრიდან, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, ექვსმა წარმოდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირა.