ირაკლი კობახიძე ლიეტუვას სეიმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 20:27
ირაკლი კობახიძე ლიეტუვას სეიმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ლიეტუვას სეიმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს და მმართველი პარტიის „მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“ თავმჯდომარეს რამუნას კარბაუსკის შეხვდა.
 
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში არსებული ურთიერთობების საკითხებზე, აღნიშნული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და ასევე, თვითმმართველობის გაძლიერების სფეროში შესაძლო თანამშრომლობაზე.
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი იყო ლიეტუვას მხარდაჭერა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის რეზოლუციასთან დაკავშირებით.
 
შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ: განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და ლიეტუვას პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია.
 
„შეხვედრის დროს ვისაუბრეთ იმ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელიც არსებობს საქართველოსა და ლიეტუვას შორის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით. განსაკუთრებითაღინიშნა ის საჩუქარი, რომელიც ლიეტუვას სახელმწიფომ უსახსოვრა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავზე, როდესაც მის კანონმდებლობაში ჩვენი ქვეყანის სახელწოდებად  ოფიციალურად დაამკვიდრა საქართველო. ჩვენც შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ და ლიტვის რესპუბლიკა იწოდება უკვე ლიეტუვას სახელწოდებით.
 
კულტურის სფეროზე საუბრისას, საინტერესო გახლდათ მეცენატების შესახებ კანონმდებლობა, ასევე კულტურის დაფინანსების ფონდის საკითხი და ლიეტუვაში არსებული განათლებისა და კულტურის თანამშრომლობის მაგალითები, რომელიც  შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი მაგალითი გაზიარების თვალსაზრისით“,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.