გიორგი გახარიამ აფეთქების დროს დაშავებულები ზუგდიდის საავადმყოფოში მოინახულა
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 21:32
გიორგი გახარიამ აფეთქების დროს დაშავებულები ზუგდიდის საავადმყოფოში მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამეგრელოში, სოფელ ხეთაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულა.

მისი თქმით, დაშავებულების გადარჩენისთვის ყველაფერი კეთდება.

„ზუსტად რა მოხდა ვერ გეტყვით, არ გვქონდა საკმარისი დრო ამისთვის. რაც შეეხება დაშავებულების მდგომარეობას მძიმეა, ჩვენ გამოვიძახეთ რეანომობილები და იმედი მაქვს, რომ ბავშვებს გადავარჩენთ. სულ დაშავებულია 7 ადამიანი, ერთი ოჯახის წევრები. მე ვესაუბრე ოჯახის მამასაც, რომელიც ყველაზე მსუბუქ მდგომარეობაშია და არაფერი სერიოზული არ სჭირს. როგორც ჩანს მათ აერიათ საწვავი და ცეცხლის ასანთებად  ბენზინი გამოიყენეს, რამაც  აფეთქება გამოიწვია. ვფიქრობ, რომ „ევექსი“ და ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ოჯახის ყველა წევრი გადავარჩინოთ, პირველ რიგში ბავშვები. შესაბამისად, ამიტომ ხდება რეანომობილების მობილიზება მთელი დასავლეთ საქართველოდან. იმედი მაქვს, რომ შედეგი ყველა ჩვენგანისთვის პოზიტიური იქნება“, - განაცხადა გახარიამ.