"ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა, გარკვეული ილუზიები შექმნან, მაგრამ ასეთ ილუზიებზე საუკეთესო პასუხია ჩვენი გამოცდილება"
ამობეჭდვა · 20 / 11 / 2018 00:14
"ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა, გარკვეული ილუზიები შექმნან, მაგრამ ასეთ ილუზიებზე საუკეთესო პასუხია ჩვენი გამოცდილება"

კითხვის ნიშნების გაჩენა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, რადგან მათი მოტივაციაა, გარკვეული ილუზიები შექმნან, მაგრამ ასეთ ილუზიებზე საუკეთესო პასუხი ის გამოცდილებაა, რაც ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

„როდესაც ოპონენტი ისეთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ყველაფერი უკადრებია, გამორიცხული არ არის, რომ გარკვეული სცენების დადგმას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს და ყველა შემთხვევაში, თითოეულ დარღვევაზე უმკაცრესი რეაგირება უნდა იყოს”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, 2012 წლიდან სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე და უმაღლესი სტანდარტის არჩევნები ტარდება, რაზეც „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი და მეორე ტურიც სწორედ ასეთი მაღალი სტანდარტით ჩატარდება.„ეს არა მხოლოდ ჩვენი შეფასებაა, ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის შეფასება ასეთი გახლდათ. პირველი ტურის წინ, მე პირადად, ჩემი ბრძანებით, გამოვეცი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო უწყებების აქტივობას ეხება, რომ დავრწმუნდეთ და გვქონდეს პრევენციული მექანიზმები გარკვეული რესურსების არასწორად გამოყენების პრევენციის თვალსაზრისით. ბუნებრივია, იგივე დოკუმენტი პრევენციულად, უახლოეს დღეებში გამოვა. პირადად მე, ჩემ მეგობრებთან ერთად, აქტიურად ვიყავი ჩართული, რომ ამ არჩევნებზე რაც შეიძლება ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი გვყოლოდა და იცით, რომ ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია“, – განაცხადა ბახტაძემ.

ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრმა გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს გურამ ნიკოლაშვილის შეკითხვას უპასუხა, როგორ უზრუნველყოფს ხელისუფლება იმას, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დარჩეს.