ირმა ინაშვილი გერმანიის ელჩის მოადგილეს შეხვდა
ამობეჭდვა · 20 / 11 / 2018 17:18
ირმა ინაშვილი გერმანიის ელჩის მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ირმა ინაშვილი გერმანიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე მიხაელ ფაბრის შეხვდა.



შეხვედრაზე მხარეებმა, ძირითადად, ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, კერძოდ, კი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ გარემოებებზე. ირმა ინაშვილმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე და რეგიონებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე.



„როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ამ დღეებში ვხვდები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იმისათვის, რომ მივაწოდო ჩვენი პარტიის ანალიზი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, გავაანალიზოთ პროგნოზები როგორ ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. მე მათ ვაწვდი ინფორმაციას, თუ რეგიონებში როგორ ტარდება საარჩევნო კამპანია, რა სირთულეებია, რა საინფორმაციო კამპანია აწარმოა ნაციონალურმა მოძრაობამ და როგორ უნდა შეწყდეს ასეთი შავი პიარის გამოყენება პოლიტიკური კონკურენტების მიმართ, რასაც ადგილი ჰქონდა კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ირმა ინაშვილმა.



როგორც ვიცე-სპიკერმა განაცხადა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სავარაუდო შედეგებზე.


„ჩვენი პარტია ამ ეტაპზე მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.

შესაბამისად, მივაწოდე ჩვენი ახსნა და ჩვენი ანალიზი იმისა, თუ რატომ გადავწყვიტეთ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ვისაუბრეთ ასევე რეზოლუციაზეც, რომელიც „საქართველოს პატრიოტებს“ წარდგენილი აქვთ პარლამენტში და რაც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობისათვის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების მიცემას ითვალისწინებს. ამ რეზოლუციაზე კენჭისყრა, სავარაუდოდ, პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე, არჩევნების შემდეგ მოხდება“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.



როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე, ზოგადად, ქვეყანაში არსებული საარჩევნო ვითარება გააანალიზეს: „მიმაჩნია, რომ აუცილებელია შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, საარჩევნო კოდექსი, კონკრეტულად და საარჩევნო გარემო ქვეყანაში, რომ ბოლოს და ბოლოს იყოს დაცული კანდიდატების ღირსებაც, კანდიდატების საარჩევნო უფლებებიც და თვითონ ამომრჩევლის ხმაც და ამომრჩევლის ინტერესიც“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ტეგები