სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ანგარიში მოისმინეს
ამობეჭდვა · 20 / 11 / 2018 19:04
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ანგარიში მოისმინეს

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის გაცნობას დაეთმო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ქვეყანაში სპორტის განვითარების და კონკრეტულად, ძალოსნობის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალოსნობის ფედერაცია ერთ-ერთ წარმატებულ ფედერაციას წარმოადგენს, რასაც ძალოსნების მიერ მოტანილი შედეგებიც მოწმობს. მიხეილ ყაველაშვილმა კომიტეტის სახელით ქართველ ძალოსანს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს მიღწეული შედეგების გამო მადლობა გადაუხადა.

სხდომაზე ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშრებით, ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ეროვნული ფედერაციის დევიზს „ერთად საქართველოსთვის“ წარმოადგენს და ფედერაციის მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტული მიღწევებია. მისივე განცხადებით, დღეისათვის ფედერაცია 700-მდე სპორტსმენს აერთიანებს და მათი რიცხვი ყოველწიურად იზრდება, რაც ძალოსნობის მიმართ დაინტერესებაზე მიუთითებს. კახი კახიაშვილმა 2019 წლის ბათუმში გასამართ ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს შეეხო და აღნიშნა, რომ წარმატებულად და ორგანიზებულად ჩემპიონატის გამართვა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე დადებითად იმოქმედებს.

ფედერაციის მიერ გაწეულ საქმიანობაზე მოხსენება ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, რამაზ გურგენიძემ წარმოადგინა. მან მოკლედ მიმოიხილა ფედერაციის ჩამოყალიბების ისტორია და ცნობილი ქართველი ძალოსნების მიერ წლების განმავლობაში მოპოვებულ გამარჯვებებზეც ისაუბრა. „დღეისათვის საქართველოს 4 ოლიმპიური ჩემპიონი და არაერთი პრიზიორი ჰყავს. ქართველ ძალოსნების მიერ მოპოვებულია 11 ოლიმპიური მედალი, მსოფლიო ჩემპიონატის 29 ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონატებში 41 ოქროს მედალი. 2017 წელს ძალოსნების ანგარიშზე 52 მედალი, ხოლო 2018 წელს 77 მედალი და 10 რეკორდი ფიქსირდება“, - განაცხადა რამაზ გურგენიძემ.

მომხსენებელმა სპორტის აღნიშნულ სახეობაში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა. მისი ინფორმაციით, პრობლემურ საკითხებს წარმოადგენს თბილისში ვაკის დარბაზის მწყობრში ჩაყენება და დაბა ჩაქვის დარბაზის რეკონსტრუქცია.

ძალოსნობის ფედერაციის მიერ გაწეული ანგარიშის წარდგენისას, სხდომაზე მოხსენებებით ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე და ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი წარსდგნენ. გამომსვლელებმა ძალოსნობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის შექმნის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ძალოსნობის ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობა კომიტეტის წევრებმა შეაფასეს და მიღწეული შედეგების გამო მადლიერება გამოთქვეს.

ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა კომიტეტის წევრებს სხდომაზე მოწვევისთვის და იმ საკითხების გაცნობისთვის, რომლებსაც ფედერაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მადლობა გადაუხადა.

სხდომაზე მოსმენილი ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა შეაფასა.

მისი განცხადებით, ფედერაცია თავისი საქმიანობით დიდ საქმეს აკეთებს და ქვეყნის მოსახლეობისთვის დიდი სიხარული მოაქვს. მისივე მოსაზრებით, მნიშვნელოვანია რომ წარმატებულად გაგრძელდეს დაწყებული საქმე, რაც ძალოსნობის განვითარების ხელშეწყობას და ზოგადად, სპორტში ჩართულობის გაზრდას გულისხმობს. „მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის შექმნის კუთხითაც, რომელიც არა მხოლოდ ქართველ სპორტსმენებს მოემსახურება, არამედ შესაძლოა რეგიონის დონეზეც კი მოხდეს მისი დატვირთვა. ეს საერთო საქმე კი ერთობლივი ძალისხმევით უნდა გაგრძელდეს და კომიტეტი მზად არის გვერდში დაუდგეს და მხარი დაუჭიროს ძალოსნობის ფედერაციის იმ ინიციატივებს, რაც მის განვითარებას და პოპულარიზაციას წაადგება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სხდომის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ ქართველ ძალოსნებს და გუნდის მთავარ მწვრთნელს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ტეგები