საპატრიარქო: ეკლესიების გადაკეთება თავშესაფრებად შეუძლებელია (ვიდეო)
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2018 11:26

საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თითქოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით, ეკლესიების კარი ყოველ ღამით უნდა გაიღოს უსახლკაროთათვის.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე უარყოფს ინფორმაციას და აცხადებს, რომ ეკლესიების თავშესაფრებად გადაკეთება შეუძლებელია.

„ინტერნეტსივრცეში ხშირად ხდება, რომ ვრცელდება არაზუსტი ინფორმაცია ეკლესიის შესახებ და ამას მოსდევს ხოლმე ძალიან არასწორი ინტერპრეტაციები. ასე მოხდა გუშინაც, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატრიარქი ამბობს, რომ ეკლესიები შეიძლება მოეწყოს უსახლკაროთა თავშესაფრებად - ეს არ შეესაბამება სიმართლეს, მის უწმინდესობას ასეთი რამ არ უთქვამს. ელემენტარულია, რომ ეკლესია არ შეიძლება თავშესაფრად მოეწყოს და გადაკეთდეს თავშესაფრად. ეკლესიას აქვს თავისი მისია. ასეთი განცხადებები, მით უმეტეს პატრიარქის სახელით, უნებლიეთ ან მიზანმიმართულად, ემსახურება ცრუ, არასწორი მოლოდინების გაჩენას და იმ ღვაწლზე ჩრდილის მიყენებას, რასაც ეკლესია სოციალური მსახურების კუთხით მრავალი წელია ეწევა", - ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მისი განმარტებით, ეკლესიის წიაღში ფუნქციონირებს მზრუნველობამოკლებული ბავშვების სახლი, პალიატიური ცენტრი და უპოვართა სასადილოები.

ტეგები