საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2018 15:30
საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ და შპს „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის“ რექტორმა, გია კავთელიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერა პარლამენტის თბილისის სასახლეში გაიმართა, რომელსაც პარლამენტის აპარატის ადმინისტრაცია, უნივერსიტეტის რექტორატი და პარლამენტის აპარატში სტაჟირებაზე მყოფი უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, პარლამენტის აპარატის უფროსმა უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობა შეაფასა.

„პარლამენტის აპარატისთვის განათლების მიმართულება უაღრესად მნიშვნელოვანია და შესაბამისად ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს, რადგან მიგვაჩნია, რომ შესაბამისი პრაქტიკის და სტაჟირების არ ქონის შემთხვევაში, მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელში მიღებული განათლება, სრულყოფილი არ იქნება. პარლამენტი არის ერთადერთი ის უწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ყველა სფეროს და დარგს ფარავს. ეს არის ადგილი, სადაც ათეული წლის განმავლობაში დაგროვდა ცოდნა და გამოცდილება, რომლის გაზიარების კონტექსტში, პარლამენტი მზად არის უმაღლეს სასწავლებლებს კარი გაუღოს, განსაკუთრებით ისეთ სასწავლებლებს, რომლებიც მზარდი და პროგრესულია და უმაღლესი განათლების სფეროში წამყვან პოზიციებზე არიან. სწორედ ერთ-ერთ ასეთ სასწავლებელს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, რომლის ბოლო წლების ზრდა და მიღწევები თვალსაჩინოა არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზეც“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსმა, უნივერსიტეტის რექტორატს, პარლამენტში სტაჟირების გავლის ახალი პრინციპები გააცნო და აღნიშნა, რომ 28 სტუდენტს შორის, რომლებიც სწორედ სტაჟირების გასავლელად შეირჩა, 2 ახალგაზრდა სეუ-ს მოქმედი მაგისტრატურის სტუდენტები არიან.

„ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ პროცესში და თუ ჩვენ გვერდში არ დავუდექით განათლების სექტორს, ის შედეგი, რასაც მომავალი თაობების პროფესიონალებად აღზრდა ჰქვია, ფიზიკურად მიუღწეველი იქნება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი და სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს და იმ პროგრამებს და პროექტებს გაეცნენ, რომლებიც სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
 

ტეგები