აჯიკას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2018 18:57
აჯიკას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

აფხაზური და მეგრული "აჯიკის" დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს.

საინტერესოა, რომ პოპულარული საკმაზი "აჯიკა", რომელიც სათავეს სავარაუდოდ მე-15 საუკუნიდან იღებს, კაცების შექმნილია. მისი პირველი სახელწოდება "აპირპილ-ჯიკა" ანუ, წიწაკიანი მარილია.

მისი წარმოშობა ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, აფხაზ მწყემსებთან არის დაკავშირებული. მისი პირველადი დანიშნულება ქურდობის პრევენცია უნდა ყოფილიყო. კერძოდ, საქონლის მეპატრონეები პირუტყვის საძოვრებზე გაშვებამდე, მწყემსებს ცხოველების გამოსაკვებ მარილს აძლევდნენ. ეს უკანასკნელი, საქონელს მადას უღვიძებდა, შესაბამისად ისინი მეტ წყალსა და მეტ საკვებს მიირთმევდნენ, რაც მათ წონას მატებდა.

ხოლო, გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროისათვის, მარილი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტი იყო და დაქირავებული მწყემსები მას იპარავდნენ ან თავად იყენებდნენ, მეპატრონეები “ცხვრის საგზალს”, ცხარე წიწაკას აყრიდნენ.

თუმცა, წიწაკიანი მარილი მეცხვარეებისათვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა და დროდადრო, მათ თავადაც დაიწყეს სანელებლებისა და ბალახეულის დამატება.

პრაქტიკულ დანიშნულებას რაც შეეხება, "აპირპილ-ჯიკას" შესახებ ცნობებში, სამკურნალო დანიშნულებაც გვხვდება, კერძოდ, აფხაზები მას კუჭ-ნაწლავის დაავადებათა პრევენციის მიზნით იყენებდნენ. "აპირპილ-ჯიკაში" წიწაკასთან ერთად შემავალი ინგრედიენტები, არამარტო აიოლებდნენ პროდუქტის მიღების პროცესს, არამედ ხელს უწყობდნენ ნივთიერებათა ცვლას და სისხლის მიმოქცევას.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად „აპირპილ-ჯიკისა“ და „აჯიკის“ დასახელებათა ცალსახა აფხაზური წარმომავლობისა, აღნიშნული პროდუქტის თავდაპირველი და შემდგომი გავრცელების არეალი, მთლიანად კოლხეთის ტერიტორია იყო, რაც თავისთავად მოიცავდა სამეგრელოს რეგიონსაც, შესაბამისად, სწორედ აღნიშნულმა განაპირობა ის ფაქტი, რომ სამეგრელო დღემდე „აჯიკის“ (თუმცა არა კლასიკური „აპირპილ-ჯიკის“) მომზადებისა და რეალიზაციის ერთ-ერთი ეპიცენტრია.

ტეგები