ქუჩებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება გადავადდა
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2018 14:16
ქუჩებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება გადავადდა

ქუჩებში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცები 2019 წლის იანვრიდან უნდა დაწყებულიყო თუმცა ისევ გადაიდო. ამის შესახებ შსს-ს მომსახურების სააგენტოში ამბობენ. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტისათვის განსაზღვრულ საგამოცდო მარშრუტების ნაწილზე უკვე დასრულებულია მუშაობა, თუმცა ნაწილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველო არის ვენის კონვენციის წევრი ქვეყანა და სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები და გამოცდის ჩაბარების წესი სრულად თანხვედრაშია მასთან.

"ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება დაუახლოოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. კერძოდ, აღნიშნული შეთანხმებით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება შეასრულოს მართვის მოწმობების თაობაზე 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივა. აქედან გამომდინარე აღნიშნულ პროექტში საჭირო გახდა ევროდირექტივის სტანდარტების შესაბამისი, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების თანხვედრაში მოყვანა და ახალი კატეგორიების/ქვეკატეგორიების დამატება, რომელიც აქამდე არ არსებობდა", - ამბობენ უწყებაში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.

მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას საქართველოს 10 ქალაქში შეძლებენ: რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი და ფოთი.