უკრაინაში შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდოს
ამობეჭდვა · 26 / 11 / 2018 11:02
უკრაინაში შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდოს

უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა, გადაიდოს. აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა გააკეთა.

მისივე თქმით, შესაძლოა, საჭირო გახდეს მუნიციპალური არჩევნების გადადებაც, რომლის გამართვაც 23 დეკემბერს არის დაგეგმილი.

უკრაინაში „საომარი მდგომარეობის შესახებ“ მოქმედი კანონის 19-ე მუხლში ნათქვამია, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ყირიმის ავტონომიური ოლქის უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამართვა შესაძლებელია. ამავე მუხლით, საომარი მდგომარეობის დროს აკრძალულია მასობრივი შეკრებებისა და აქციების გამართვა.

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ასევე აცხადებს, რომ ვითარების ნორმალიზების შემთხვევაში, საომარი მდგომაროება მალევე გაუქმდება.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანია კანონის მიხედვით 31 დეკემბერს უნდა დაიწყოს.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

ტეგები