მუხიანში მომხდარი მკვლელობის დეტალები - არაოფიციალური ინფორმაციით 33 წლის კაცი მეგობარმა მოკლა
ამობეჭდვა · 26 / 11 / 2018 13:59
 მუხიანში მომხდარი მკვლელობის დეტალები - არაოფიციალური ინფორმაციით 33 წლის კაცი მეგობარმა მოკლა

თბილისში, მუხიანში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ირკვევა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 33 წლის მამაკაცი, ნიკა ცაციაშვილი მოკლეს. დაჭრილია კონფლიქტში მონაწილე პირი - ჭრილობა ბარძაყის არეში აღენიშნება.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ გვიან ღამით, 02:00 საათზე, დაახლოებით, 7 გასროლის ხმა გაიგეს. მკვლელობა ცაციაშვილის საცხოვრებელი სახლის წინ მოხდა.

ადგილობრივების თქმით, თავადამსხმელმა გაქცევა მოასწრო. არაოფიციალური ინფორმაციით, ნიკა ცაციაშვილს მეგობარმა ესროლა.

„სროლის ხმა გავიგე, გამოვიხედე, მას მოჰყვა კიდევ რამდენიმე გასროლა. ცოტა ხანში პოლიცია და სასწრაფო დახმარებაც მოვიდა, სადაც ისინი გაიქცნენ, მეც მათ გავედევნე. ვნახე, რომ ჩემი მეზობელი იყო დაჭრილი. მეორე დაჭრილი მე არ მინახავს მაგრამ ვიცი, რომ იყო მეორე ფეხში დაჭრილი, ჩემი მეზობელი საავადმყოფოში მიყვანისას გარადაცვლილა“-ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

ცაციაშვილის მეზობლები მკვლელობის მიზეზებზე ვერ საუბრობენ. მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი კონფლიქტური არ ყოფილა.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს, თუმცა პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.

დაჭრილ 35 წლის მამაკაცს ოპერაცია გვიან ღამით ჩაუტარდა, არსებული ინფორმაციით ის პოლიციამ უკვე გამოკითხა.

ექიმის განცხადებით პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: ნიუპოსტი

ტეგები