ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივა, "დედა ენის" ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას ითვალისწინებს
ამობეჭდვა · 26 / 11 / 2018 17:56
ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივა, "დედა ენის" ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას ითვალისწინებს

პარლამენტის წევრებმა ზაზა გაბუნიამ და მარიამ ჯაშმა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, ,,დედაენა“ - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის.

საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ხდება იმისთვის, რომ ,,დედაენა“ რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დაცული იყოს ყოველგვარი ცვლილებებისგან და სკოლის მოსწავლეები შეუფერხებლად სწავლობდნენ აღნიშნული წიგნით.

,,დედაენა“ - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდი გარდა იმისა რომ არის საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ის ასევე არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილი ნომინაციის - ,,ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ - ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი.
საერთაშორისო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ითხოვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, რაც კონვენციის შესაბამისად გულისხმობს ზომების მიღებას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობა, მათ შორის მისი იდენტიფიკაცია, დოკუმენტირება, კვლევა, შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია, მისი როლის ამაღლება და მისი გადაცემა უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით, აგრეთვე ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინება რაც ,,დედაენა“ - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდის შემთხვევაში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას ჩართოს აღნიშნული წიგნი სასწავლო პროცესში.

ტეგები