დავით როსტომაშვილზე ყაჩაღობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებული სააპელაციომ უდანაშაულოდ ცნო
ამობეჭდვა · 27 / 11 / 2018 12:06
დავით როსტომაშვილზე ყაჩაღობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებული სააპელაციომ უდანაშაულოდ ცნო

მსახიობ და იუმორისტ დავით როსტომაშვილის ჯგუფურად ყაჩაღობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებული, ზურაბ ქუთელია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ უდანაშაულოდ სცნო და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა თქვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის თქმით, დაცვის მხარემ ახალი მტკიცებულებები წარადგინეს, რომელთა გამოც მოსამართლეებმა "აღარც კი ისურვეს იმ ვიდეო სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალების ნახვა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იყო წარდგენილი."

მოსამართლეთა კოლეგია გუშინვე გავიდა განაჩენის გამოსატანად. ადვოკატის თქმით, დანარჩენი ორი მსჯავრდებულის, ბექა კირვალიძისა და არტემ აგაჯანოვის მიმართ განაჩენი უცვლელად დატოვეს.

"სახელმწიფო ბრალდებამ აღნიშნულ საქმეზე ახალი მტკიცებულება ვეღარ წარადგინა, ჩვენს მიერ კი სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულების წარდგენა მოხდა. იმ პირს, რომელსაც ქუთელიას უკავშირებდნენ, იდაყვიდან მაჯამდე აღენიშნებოდა არაერთი სვირინგი. ზურაბ ქუთელიას კი, სვირინგი აბსოლუტურად სხვა ადგილზე აქვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარდა ექსპერტიზა. ბრალდების მხარემაც ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც გამოირიცხა, რომ იმ ადამიანის ხელზე იყო რაიმე სახის ჩრდილი. ბრალდების და დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა თანხვედრაში იყო, რაც აბსოლუტურად გამორიცხავდა ზურაბ ქუთელიას ბრალეულობას“, - თქვა ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ.

ადვოკატის თქმით, შემთხვევის ადგილზე სხვა პირი იმყოფებოდა, ქუთელიას კი, საპყრობილეში უსამართლოდ მოუწია ყოფნა.

მსახიობს დავით როსტომაშვილს გასული წლის ზაფხულში სცემეს.

ტეგები