ლევან გოგიჩაიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
ამობეჭდვა · 27 / 11 / 2018 15:46
ლევან გოგიჩაიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობით. ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი გახსნილია ნებისმიერი პირისათვის, ვისაც აინტერესებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა.

„სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და ზოგადად, ნებისმიერი მოქალაქის აქტიურობა პარლამენტის საქმიანობასთან მიმართებაში დამოკიდებულია არა პარლამენტის წევრების კეთილ ნებაზე, არამედ ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით, კონკრეტულად პარლამენტის რეგლამენტით. შესაბამისად, მათ არ აქვთ პრობლემა. თუ ადამიანებს აქვთ სურვილი, მათთვის საქართველოს პარლამენტის კარი ღიაა“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა.

ლევან გოგიჩაიშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს ესაუბრა პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე.

„ახალი რეგლამენტის მიხედვით, ჩვენ კიდევ უფრო მეტ მექანიზმს ვაძლევთ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგნელებს და საქართველოს მოქალაქეებს რომ მიიღონ აქტიური მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში, მათ შორის, კანონშემოქმედებით პროცესში“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, პარლამენტის წევრების ინტერესია, რომ კიდევ უფრო ღია იყოს საქართველოს პარლამენტი, კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეების კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პარლამენტის საშუალებით.

„ვფიქრობ, რომ ყოველი მომავალი დღე, მომავლი სესია კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობაა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათი წარმომადგენლების - პარლამენტის წევრების მეშვეობით მათ აკონტროლონ ხელისუფლება და მონაწილეობა მიიღონ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

ტეგები