დღეს საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს ირჩევენ
ამობეჭდვა · 28 / 11 / 2018 00:39
დღეს საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს ირჩევენ

დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 - ია.

არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი. ესენია: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც ამომრჩევლებმა უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

რაც შეეხება ავღანეთს - იქ მოსამსახურე ქართველმა სამხედროებმა, უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ნოემბერს ცესკოში, საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

კენჭისყრაზე ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში. აღსანიშნავია, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია და საჯაროდ გამოკრულია ბიულეტენის შევსების წესი.

ცესკოს განმარტებით, დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი.ასევე, საარჩევნო კაბინაში დაუშვებელია ფოტო-ვიდეო გადაღება.

28 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. საარჩევნო უბანზე ყველა ოფიციალური პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. საოლქო საარჩევნო კომისიები სპეციალური პროგრამის საშუალებით, უმოკლეს ვადაში, ელექტრონულად მოაწვდიან ცესკოს და შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ დააკვირდეს ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე მოხდება.

 

ტეგები