„კვირას ყველანი თავისუფლების მოედანზე“ - მიხეილ სააკაშვილი
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2018 19:51
„კვირას ყველანი თავისუფლების მოედანზე“ - მიხეილ სააკაშვილი

კვირას დავანახოთ, რომ ფულის, მოსყიდვისა და ჩაწყობების გარეშე, მთელი საქართველო დგება ფეხზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფილარმონიაში შეკრებილ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს ვიდეოზარის საშუალებით მიმართა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხალხს მოუწოდა, კვირას თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე მივიდეს.

„ჩვენ არასდროს ვაღიარებთ გაყალბებული არჩევნების შედეგებს. ჩვენ ვინ ვართ, რომ ეს ვაღიაროთ? ჩვენ ვინ ვართ, რომ საკუთარი შვილების მომავალზე უარი ვთქვათ. ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და მხარს ვუჭერთ გია ვაშაძეს იმაში, რომ ჩვენ გვჭირდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მთლიანად ამოძირკვავს ივანიშვილის ხელისუფლებას საქართველოში პროპორციული სიებით, სადაც საშუალება იქნება, მთლიანად მოვიშოროთ ეს ფეოდალური-ბატონყმური წყობა, რომელიც მოახვიეს თავს საქართველოს.

ჩვენ ძალიან მაგარი ხალხი ვართ, ამიტომ კვირას დავანახოთ, რომ ფულის, მოსყიდვისა და ჩაწყობების გარეშე, მთელი საქართველო დგება ფეხზე. ყველანი თავისუფლების მოედანზე, თბილისის ცენტრში, საქართველო დადგება ფეხზე. ჩვენ მოვიპოვეთ გუშინ პირველი გამარჯვება, ნახეთ, როგორი დაშინებულია ივანიშვილი. ჩვენი მთავარი გამარჯვება არის წინ. თქვენთან ერთად ვარ ბოლომდე, სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე, მე გეკუთვნით თქვენ, ვეკუთვნი საქართველოს და თქვენს მომავალს, ჩვენ დაბადებულები ვართ გამარჯვებისთვის, ვერ დაგვამარცხებენ, აუცილებლად გავალთ ბოლოში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ტეგები