პრემიერი - არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2018 12:36
პრემიერი - არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის

რჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში, რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ გამარჯვებას და ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ამასთან, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, კანონის ძალით გაეცემა პასუხი.

„რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით და კანონით არის დაცული, მაგრამ ამავე დროს, თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, დაახლოებით 2 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არის მაღალი პასუხისმგებლობის საზოგადოება, შესაბამისად, პრემიერის განცხადებით, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროს მათ, არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს და არეულობისა და დისონანსის შემოტანის მცდელობას საზოგადოების ცხოვრებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, სახელმწიფო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.

ტეგები