დიმიტრი ცქიტიშვილმა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მისი დაძლევის საკითხებზე გაეროს თემატური ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2018 15:50
დიმიტრი ცქიტიშვილმა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მისი დაძლევის საკითხებზე გაეროს თემატური ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პარლამენტისა და პარლამენტის გენდერულ თანასწორობის საბჭოს წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შესახებ გაეროს თემატური ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

„სექსუალური შევიწროება ერთ-ერთი ყველაზე ფარული, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ძალადობის ფორმაა. ის საკმაოდ მძიმე ტრავმის მომტანია ადამიანისთვის და ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სწორი შეფასება. რაც უფრო ჩავუღრმავდებით ამ საკითხს, მით უფრო მეტ მასშტაბებს დავინახავთ ამ პრობლემის და ბუნებრივია, რომ საჭიროა გარკვეული ქმედებები ამასთან დაკავშირებით“, -განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, სექსუალური შევიწროების პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს, აგრეთვე, საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, რომელიც ასეთ ქმედებებს გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევს.

„კანონი საშუალებას მოგვცემს ვმართოთ ეს პრობლემა, თუმცა კანონი თავისთავად ვერ მოახდენს ყველაფრის პრევენციას და ამაზე დამატებით ძალიან მასშტაბური საქმიანობა გვექნება გასაწევი. საჭიროა მეტი ჩართულობა, ბევრი საუბარი, მათ შორის ოპონენტებთან, რაც კანონპროექტის პარლამენტში განხილვების დროს დაიწყება. კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახალხო დამცველი, რაც მოგცემს ამ კანონის მაღალ ლეგიტიმაციას და უფრო ქმედითს და ეფექტურს გახდის მას“,-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები შედის „შრომის კოდექსში“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. სამივე კანონში გაჩნდება კონკრეტული დეფინიცია, რა არის „სექსუალური შევიწროება“. როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, მომზადებული ცვლილებებით სახალხო დამცველს ეძლევა მნიშვნელოვანი მანდატი იმისთვის, რომ სამუშაო ურთიერთობებში განახორციელოს მონიტორინგი, გასცეს რეკომენდაცია და რეკომენდაცია იყო სავალდებულო.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის (USAID) დირექტორმა ადამ შმიტმა.

შეხვედრა გაიმართა გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით.
 

ტეგები