პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2018 20:25
პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა

„მიუხედავად საკმაოდ მძიმე და აგრესიული ფონისა, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლებამ შეძლო ამ არჩევნების სათანადოდ ჩატარება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


ირაკლი კობახიძემ ამომრჩეველს, სახელისუფლებლო სტრუქტურებს და დამკვირვებლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას, განსაკუთრებით, სამართალდამცავ ორგანოებს გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მათ მუშაობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა შესაბამისი ორგანოების მუშაობაზე იყო დამოკიდებული ამ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება. მადლობა კიდევ ერთხელ მათ. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც სათანადოდ შეასრულა თავისი ფუნქციები და უზრუნველყო არჩევნების სათანადო გარემოში ჩატარება. მადლობა მინდა გადავუხადო დამკვირვებლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ეუთოს რეკომენდაციებზე და მათ წარმოდგენილი შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ცვლილებებს ეხებოდა, რომლებიც კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს, რაც პირველ რიგში, პარლამენტის პასუხისმგებლობაა.

„მე განსაკუთრებით ყურადღებით გავეცანი ეუთოს რეკომენდაციებს ამ არჩევნებთან დაკავშირებით. მე მინდა, მათ, ზოგადად, მადლობა გადავუხადო შეფასებისთვის, წარმოდგენილი რეკომენდაციებისთვის. ამ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა იმ ცვლილებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში - ეს არის რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი, პარლამენტის პასუხისმგებლობა. პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია და უნდა განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებიც არის განსახორციელებელი უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, აქვე დავდოთ ეს პირობა, რომ ეუთოს შესაბამისი რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესწავლილი და მხედველობაში მიღებული. ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს ჩვენს კანონმდებლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი იქნება. ირაკლი კობახიძემ ახლადარჩეულ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა.

„ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის, მან უნდა ჩამოაყალიბოს ახალი კონსტიტუციური ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში, ის უნდა გახდეს პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი სალომე ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ამ ტრადიციის ჩამოყალიბებაში. კიდევ ერთხელ, ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამის შემდეგ პარლამენტმა დღის წესრიგით განსაზღვრულ განსახილველ საკითხებზე მსჯელობა დაიწყო.



კანონმდებლებმა მესამე მოსმენით განიხილეს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა. კანონპროექტი ოჯახურ დანაშაულთან, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასთან, ოჯახში ძალადობასთან, თვითმკვლელობამდე მიყვანასთან და წამების მუქარასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.



კანონპროექტი აგრეთვე აწესრიგებს შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობასთან, არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობასთან და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსმოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული საკითხებს. მომხსენებლის თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ დოკუმენტს რაიმე სახის ცვლილება არ განუცდია. მისგან გამომდინარე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შესახებ“ კანონპროექტშიც, რედაქციული ხასიათის ცვილებები არ განხორციელებულა.



სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილეს კიდევ ერთი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შესტანის შესახებ“ კანონპეროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი.


წარმოდგენილი დოკუმენტით იკრძალება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნაან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება. კანონის პროექტი აგრეღვე ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნსთვის, მოხმარებისა ან/და ზემოქმედების ქვეშ ყოფნისთვის. მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარება, იკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა (თუ ფიზიკური ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის).

პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. მომხსენებლის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებად განისაზღვრება შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება ან/და განხორციელება, ასევე აღნიშნული პირების პროგრამებში ჩართვისთვის ხელის შეწყობა. გარდა ამისა კანონპროექტი ითვალისწინებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცეს და ეს უწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებში.

კანონმდებლებმა, პირველი მოსმენით განიხილეს „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ წარადგინა. პროექტის მიხედვით, ხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება, რომელიც ევროსაბჭოს რეკომენდაციიდან გამომდინარეობს. კანონპროექტის თანახმად საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილია საქართველო და რომელშიც საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირები ანდა სახელმწიფო ფლობს ან მართავს ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს. ამასთანავე, რომლის მთავარი საქმიანობაა კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელსაც იგი ახორციელებს ცალკე ან კომბინირებულად – საჰაერო ხომალდის სხვა კომერციულ ექსპლუატაციასთან, ან მის რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებასთან ერთად.

ასევე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული-მძიმეწონიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საავტომობილო გზებით სარგებლობისას შეზღუდვებთან და აკრძალვებთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს პაკეტში შემავალი კანონპროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

პარლამენტის წევრის, კახაბერ კუჭავას მიერ მესამე მოსმენით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ელექტრო ძრავიანი ავტობუსის (მათ შორის, ელექტრო ძრავიანი მიკროავტობუსის) მიწოდება ან/და იმპორტი თავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისაგან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მომრავლებას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ მეორე მოსმენით წარადგინა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. წარმოდგენილი პროექტი განსაზღვრავს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტის თანახმად, საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით. დოკუმენტით აგრეთვე, განისაზღვრება, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონულ სისტემაში აისახება.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მეორე მოსმენით განსახილველად წარადგინა „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელწოდების ცვლილებას ითვალისწინებს.



„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, ახლებური რედაქციით ყალიბდება, ტერმინები: „დიპლომატიური თანამდებობის პირი“, „ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი“, „დიპლომატიური სამსახურის რეზერვი“ და „ოჯახის წევრი“. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ასევე, ეხება დიპლომატიური სამსახურის საკადრო შემადგენლობასა და დიპლომატიურ თანამდებობებს. წარმოდგენილ კანონპროექტს თან ახლავს გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი შესაბამისი ცვლილებებით.



დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის კოადგილემ, დავით კორახაშვილმა წარადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი (ტიხონი ბოკუჩავა, გიორგი მუხიგულიშვილი) კანდიდატურების არჩევის საკითხი და პარლამენტის წევრებს თითოეული მათგანის ბიოგრაფია გააცნო.



პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. დოკუმენტის შესაბამისად, საჯარო და კერძო დაწესებულებებს შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების მიზნით, შეუძლიათ თავიანთი შენობების ვიდეოთვალთვალი განახორციელონ, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისგან დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის ასევე, საგამოცდო და ტესტირების მიზნებისათვის. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება გამონაკლის შემთხვევებში სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკითხები. საკითხი განსახილველად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა წარადგინა.



შესვენების შემდეგ პარლამენტმა სხდომა განახლებული დღის წესრიგის მიხედვით განაგრძო.

პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ მესამე მოსმენით წარადგინა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელშიც მეორე მოსმენის შემდეგ ცვლილება არ განხოირციელებულა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმკდომარემ, ასევე, მესამე მოსმენით წარმოადგინა „პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი.

პროექტი არეგულირებს პროკურატურის ამოცანებთან, პრინციპებთან და უფლებამოსილებებთან, ასევე, პროკურატურის სათათბირო და კოლეგიურ ორგანოებთან საერთაშორისო თანამშრომლობისა და ქვეყნის შიგნით წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტით აგრეთვე, რეგულირდება პროკურატურის თანამშრომელთა სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს დღეს მოქმედი ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას.

მომხსენებელმა მეორე მოსმენის შემდეგ განხორციელებულ რედაქციულ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც ძირითადად ტერმინების ცვლილებას და რედაქციულ დაზუსტებას ითვალისწინებს.

პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა მესამე მოსმენით განსახილველად წარმოადგინა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლეიც ითვალისწინებს, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებული ყოველი პირი ვალდებულია 2018 წლის 15 ნოემბრამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს რეგისტრაცია შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.



მესამე მოსმენით განხილული „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, პროფესიული კავშირის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებთან ასევე, პროფესიული კავშირის უფლებათა დაცვასა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას. გარდა ამისა, ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს დღეს მოქმედი „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას.

„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა წარმოადგინა. მისი თქმით მეორე მოსმენის შემდეგ დოკუმენტში ცვლილება არ განხორციელებულა.

მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც სხდომაზე, პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ წარადგინა. პროექტის თანახმად, ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას როგორიცაა მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტ წლამდე ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა ტროლეიბუსით, ტრამვაით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით (მიკროავტობუსით), სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობა.

დღესვე პარლამენტმა მოისმინა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში 2017 წლის საშემოდგომო სესიისა და 2018 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში, რომელიც კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ წარუდგინა.

სხდომის ბოლოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტებს.​

ტეგები