ოპოზიციის მოთხოვნებს მმართველი გუნდი პასუხობს
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2018 19:02
ოპოზიციის მოთხოვნებს მმართველი გუნდი პასუხობს

რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობაში უპასუხეს.

როგორც ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ თქვა, ნაციონალები ცდილობენ, რომ შეცდომაში შეიყვანონ მათი მხარდამჭერები, ის 780 ათასამდე ადამიანი, რომელმაც ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა.

"ოპოზიციაში იქნება პარტიებიც და ხალხიც, ვისაც სხვა მოსაზრება აქვს, მაგრამ არ მგონია, რომ იყოს ხალხი, რომელსაც ის სისხლისღვრა უნდა, რასაც სააკაშვილი გვთავაზობს. დღეს კარგად დავინახეთ ის სერიოზული სხვაობა გარკვეულ პოზიციებს შორის. ერთნი საუბრობენ ლეგიტიმურ გზებზე, მეორენი იმ დაძაბულობაზე, რასაც სააკაშვილი მოუწოდებს. ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა უკვე თავისი სწორი არჩევანი", - განაცხადა ვოლსკიმ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით კი ხალხმა გადაწყვიტა, რომ დრო არის არა 16 დეკემბრამდე, არამედ 2020 წლამდე.

ბესელია ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის "ხელის ბიჭია": "რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის მსახურთან, ადამიანთან, რომელმაც გადაწყვიტა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაყენოს შეურაცხყოფა", - აცხადებს ბესელია.

დეპუტატის შეფასებით, მაშინ, როდესაც დასავლელი პარტნიორები სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავენ და არჩევნების შედეგებს აღიარებენ, ნაციონალური მოძრაობის ეს განცხადებები კომიკურია.
 

წყარო: იმედინიუსი

ტეგები