„ტყუილად ფიქრობს, რომ ამ თანამშრომლობის დროს თბილისი განსაზღვრავს“ - რუსული მხარე სალომე ზურაბიშვილს პასუხობს
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2018 20:01
„ტყუილად ფიქრობს, რომ ამ თანამშრომლობის დროს თბილისი განსაზღვრავს“ - რუსული მხარე სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

„რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს, სანამ ის არ აღიარებს, რომ ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი", - განაცხადა საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთი არის ოკუპანტი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე ზედმეტად არის წარმოდგენილი და ამ შემთხვევაში მან არ იცის, რა უნდა იყოს საქართველოს შემდგომი ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობაში.

სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა რუსი დეპუტატი, რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი პუშკოვი. იგი თავის „ტვიტერზე" წერს, რომ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ მოსკოვთან თანამშრომლობის დრო ჯერ არ დამდგარა, ტყუილად ჰგონია, რომ ამ თანამშრომლობის დღის წესრიგს თბილისი განსაზღვრავს.

„საქართველოს ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მოსკოვთან თანამშრომლობის დრო ჯერ არ დამდგარა, ტყუილად ფიქრობს, რომ ამ თანამშრომლობის დროს თბილისი განსაზღვრავს. რუსეთი ურთიერთობის ახალ სისტემას ამყარებს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან და არ მგონია, რომ საქართველო ასეთი ხელმძღვანელის პირობებში მისთვის პრიორიტეტი გახდეს", - წერს ალექსი პუშკოვი.

წყარო: რეზონანსი

ტეგები