ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2018 22:04
ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" დამფუძნებელი, თაია მახარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ზუსტად 2 წუთის წინ ვესაუბრე ვინმე იზოლდა ლომიძეს - ბორჯომის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს, სოფელ დვირის სკოლის მოსწავლესთან და მის მშობელთან დაკავშირებით. კითხვა მქონდა ძალიან მარტივი: როცა შშმ მშობელს ჯერ არ აძლევენ უფლებას, რომ თან ახლდეს შვილს ექსკურსიაზე, მაშინ როცა სხვა მშობლები მიდიან; შემდეგ, როცა მცხეთაში ჩასულს ტოვებენ ქუჩაში მის შვილთან ერთად და მიდიან ისე, რომ არც ატყობინებენ; როცა სამი მასწავლებელი ერთდროულად ლანძღავს ამ ქალბატონს იმის გამო, რომ თურმე ტაძრიდან გამოსვლა დააგვიანა (რადგან ჯანმრთელობა სწრაფად სიარულის უფლებას არ აძლევს) და როცა შეურაცხყოფებით სავსეა გზა მცხეთიდან ბორჯომამდე; როცა მშობელს შეაქვს განცხადება სკოლის დისციპლინურ კომიტეტში და მალევე მის შვილს ეუბნებიან, რომ ჯობს, ამ სკოლის მეცხრე კლასიდან გავიდეს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და რას აკეთებს რესურს-ცენტრი.

პასუხი იყო შემდეგი: თქვენ მიამბობთ ოჯახის მოყოლილს, ეს ყველაფერი სიცრუეა, ბავშვი მისივე ოჯახის ძალადობის მსხვერპლია (!!!) და თქვენი ჩარევით (რომელიც აბსოლუტურად მშვიდობიანი და ჯანსაღი კომუნიკაციისკენ მიდრეკილი იყო) ასევე ზეწოლას ახდენთ ბავშვზე. შემდეგ გამითიშა.

აქვე ვდებ მშობლის განცხადებას, რომელიც სკოლას წარუდგინა და ამ ყველაფერზე დირექტორი და რესურს-ცენტრი ამბობს, რომ ყველაფერი მოგონილია.

ჩემს შვილს, ***** ****** ვახლდი ექსკურსიაზე მცხეთაში, სადაც მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან განხორციელდა ჩემი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისა და სკოლის მოსწავლის, ლექსო ბლიაძის, როგორც შშმ პირის შვილის დისკრიმინაცია.

კერძოდ, მცხეთაში ჩასვლისთანავე, მას შემდეგ, რაც საექსკურსიო გეგმის შესაბამისად, დაქირავებული ავტოტრანსპორტით მივედით სამთავროს დედათა მონასტერთან, მე მითხრეს, რომ არ ჩამოვსულიყავი და ავტომანქანაში დავლოდებოდი ექსკურსიის დანარჩენ მონაწილეებს, რაც მხოლოდ იმით იყო გამოწვეული, რომ ვარ შშმ პირი. ვინაიდან მე ექსკურსიაზე წავედი ჩემი შვილის ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით, ეს მითითება არ გავითვალისწინე, შევედი მონასტერში და ჩემს შვილთან ერთად დავათვალიერე. მონასტრიდან გამოსულს ადგილზე არ დამხვდა არც ავტოტრანსპორტი და არც ექსკურსიის მონაწილეები, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაერეკათ ჩემს პირად ტელეფონზე, არ დაურეკავთ ჩემთვის და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე წავიდნენ შიომღვიმეში, ისე, რომ არ გაითვალისწინეს ჩემი ლეგიტიმური უფლება, ვყოფილიყავი ჩემს შვილთან ერთად, არ გაითვალისწინეს ჩემი ფიზიკური მდგომარეობა, ასევე, არ გაითვალისწინეს ჩემი შვილის, როგორც სკოლის მოსწავლისა და ექსკურსიის სრულუფლებიანი მონაწილის უფლება, დაეთვალიერებინა და გაცნობოდა საექსკურსიო გეგმით გათვალისწინებულ ყველა ისტორიულ ძეგლს და დაგვტოვეს მარტო ჩვენთვის სრულიად უცნობ ქალაქში. მას შემდეგ, რაც დავადგინეთ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ნომერი, ვთხოვეთ მობრუნება და ჩვენი წაყვანა, ამას ექსკურსიის მონაწილეების მხრიდან მოჰყვა პროტესტი, მოგვიანებით კი დაბრუნდნენ და ჩემი შვილის თანდასწრებით მომაყენეს შეურაცხყოფა.

ჩემთვის ცნობილია, რომ ექსკურსიის მონაწილეებს თავიდანვე არ სურდათ ჩემი წაყვანა ექსკურსიაზე ჩემი, როგორც შშმ პირის სტატუსის გამო, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რო ჩემს მიზანს არ წარმოადგენდა მცხეთაში „გასეირნება“, ამის მიზეზი იყო ადრინდელი ექსკურსიის შედეგი, როცა ჩემი შვილი და სხვა მოსწავლეები სათანადოდ ვერ გაკონტროლდნენ და ალკოჰოლი მიიღეს. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია არასრულწლოვნების ალკოჰოლურ მდგომარეობაში ყოფნა და სწორედ ამან გადამაწყვეტინა, წავსულიყავი მცხეთაში და მე თვითონ მეკონტროლებინა ჩემი არასრულწლოვანი შვილის ქმედებები. საპასუხოდ მივიღე დამცირება, შეურაცხყოფა და დისკრიმინაციული მოპყრობა, რაც დაუშვებელია როგორც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით, ასევე, კანონით „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“.

მოვითხოვ, დისციპლინურმა კომიტეტმა კომპეტენციის ფარგლებში დაიწყოს დისციპლინური დევნა მასწავლებლების - ნუნუ პაპიძის, ნათია ძაძამიას და რიტა კურტანიძის მიმართ და დააკისროს მათ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი", - წერს მახარაშვილი.

ტეგები