ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული, საპოლიციო ჰაბი განთავსდება
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2018 13:04
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული, საპოლიციო ჰაბი განთავსდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული, საპოლიციო ჰაბი განთავსდება, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა საპოლიციო სერვისებს შესთავაზებენ. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ნათია მეზვირშვილი ვარაუდობს, რომ აღნიშნული ჰაბის შექმნით ხელი შეეწყობა ადამიანების დასაქმებას.

„სხვადასხვა საპოლიციო სერვისები იქნება გაერთიანებული. როგორც თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც მოსახლეობისთვის 50-მდე სერვისის მიწოდება ხდება. ანალოგიურად იქნება დასავლეთ საქართველოში, როგორც ერთიანი მომსახურების ცენტრი, ასევე სხვადასხვა საპოლიციო სერვისები. კერძოდ, როგორიცაა – 112, დაცვის პოლიცია, შსს-ს აკადემია და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომელიც სამინისტროს შიგნით მუშაობს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრის კენჭს, რომლის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას სრულად დედაქალაქში თებერვლიდან გააგრძელებს.

ტეგები