naec-ი ქართული ენის გამოცდის ამოღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2018 15:13
naec-ი ქართული ენის გამოცდის ამოღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განცხადებით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ეროვნული გამოცდებიდან შესაძლო ამოღების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

გორგოძის განცხადებით, ყველა ცვლილება, რომელიც საგამოცდო სისტემას შეეხება, აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება და გადაწყვეტილების მიღებისთანავე გახდება ცნობილი საზოგადებისათვის.

„ჩვენი სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება, მათ შორის არის არსებული სისტემის კვლევა და ანალიზი. პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლებლები - ყველა დაინტერესებული მხარე. არ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა და სამწუხაროა, რომ ამ ფონზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ტიპის განცხადებები, საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ კონკრეტული სიახლის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად გავრცელდება ოფიციალური საშუალებებით. საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ტიპის ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კარდინალური სიახლეები არ იქნება. რაც შეეხება ტესტის ფორმატს, მათივე ინფორმაციით, ცვლილება მხოლოდ ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) ეხება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ცენტრმა რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა.

ტეგები