პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი“ მესამე მოსმენით დაამტკიცა
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2018 17:54
პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი“ მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ დღეს, მესამე მოსმენით განიხილა და კენჭისყრის შედეგად, თანმდევ საკითხებთან ერთად მხარი დაუჭირა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს“.

საკითხი სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმაწარადგინა. როგორც მან განმარტა, პროექტში ასახულია როგორც მეორე მოსმენით განხილვისას გამოთქმული ასევე, რედაქციული ხასიათის შენიშვნები.

ძირითადი ცვლილებები შეეხება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის დახვეწას, პარლამენტის სტრუქტურასთან დაკავშირებულ ცვლილებებს და თავად პარლამენტის ანგარიშვალდებულების გაზრდას.

პროექტით განმტკიცებულია საკანონმდებლო, საზედამხედველო და წარმომადგენლობითი ფუნქციები. პარლამენტის საქმიანობა ეფუძნება ღიაობისა და გამჭვირვალობის, საზოგადოების ჩართულობის, ანგარიშვალდებულების, შრომის განაწილების, პროპორციულობისა და სამართლიანობის საწყისებს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტში მოცემულია პარლამენტის რეგლამენტის ზოგადი დებულებები, პარლამენტის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და მის მოადგილების უფლებამოსილებების მარეგულირებელი ნორმები.

პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების საქმიანობის მომწესრიგებელ ნორმებს.

რეგლამენტის პროექტი აგრეთვე, აწესრიგებს პარლამენტის სათათბირო ორგანოების, პარლამენტის სესიის და სხდომის, საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს.

რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულია პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის მონაწილეობასთან სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში, დარეგულირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების, დენონსირების და გაუქმების პროცედურები.

რეგლამენტის პროექტი მოიცავს ნორმებს, რომლებიც უკავშირდება საპარლამენტო ზედამხედველობას, კონტროლსა და ანგარიშვალდებულებას.

სხდომის თავმჯდომარემ, პარლამერტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმაპარლამენტის სახელით VI და VII მოწვევის პარლამენტის წევრის, ნიკოლოზ რურუასგარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„მინდა გაუწყოთ, რომ გარდაიცვალა VI და VII მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკოლოზ რურუა. მსურს პარლამენტის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახსა და ახლობლებს“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ საკანონმდებლო საქმიანობა განაგრძო.

დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გამარტივებული წესით განსახილველად წარადგინა.

პროექტის მიხედვით, 2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია.

„პროექტს გამარტივებული წესით განვიხილავთ, რადგან კანონპროექტი ეხება მხოლოდ ვადის გადაწევას, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე. პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონით დაწყებულია და უკვე ხორციელდება კომპლექსური რეფორმა. იმისთვის, რომ ავტორიზაციამ წარმატებით ჩაიაროს და არც ერთი ბაღი არ დაიხუროს, მოხდეს მათი შენარჩუნება ისე, რომ თავსებადი იყოს ახალ სტანდარტებთან, ვაძლევთ მათ მეტ ვადას. ეს ვადა იწურებოდა წლის ბოლოს, გადავწყვიტეთ ავტორიზაციის პროცესი გავუხანგრძლივოთ წელიწადნახევრით, 2020 წლის 31 დეკემბრამდე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრებმა ასევე, მხარი დაუჭირეს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს თანმდევ 37 საკითხთან ერთად, რომელიც განსახილველად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმაპირველი მოსმენით წარადგინა.

პროექტის თანახმად, იცვლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყალიბდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახით, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვის ორგანიზება, ბიუროკრატიის შემცირება.

ტეგები