დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მეტალურგიის დარგში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2018 20:00
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მეტალურგიის დარგში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საკომიტეტო მოსმენა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს მეტალურგიის დარგში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საკომიტეტო მოსმენა გაიმართა. 
 
როგორც ცნობილი გახდა, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ირანიდან დემპინგურ ფასად დაბალი ხარისხის არმატურის შემოტანის გამო, რასაც შესაძლოა ქარხნის ნაწილობრივ გაჩერება და თანამშრომელთა შემცირება მოჰყვეს. 
 
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის „რუსთავის ფოლადის“ ადვოკატმა, დავით ებრალიძემქარხნის წინაშე არსებულ პრობლემებზე და მის შესაძლო შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, არასწორი იყო საქართველოს მთავრობის მიერ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კანონის“ ამოქმედების თარიღის 15 იანვრამდე გადაწევა. მას ასევე საჭიროდ მიაჩნია ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონის მიღება.
 
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კანონის ამოქმედების ვადის გადაწევის მიზეზის გარკვევა. „პარლამენტმა თავის დროზე დეკემბრისთვის გადმოვწიეთ კანონის ამოქმედების ვადა, რადგან ჩვენი საკანონმდებლო ბაზა მზად იყო და მისი ამოქმედების ვადაც რელევანტური ყოფილიყო, რომ ადამიანებს შეძლებოდათ კონკურენტულ გარემოში გაეგრძელებინათ საქმიანობა“. 
 
მისი თქმით, კონკრეტულად იმ ნორმატიული ვადის მოქმედების ვადის გადაწევა მოხდა, რომლითაც არმატურის ხარისხის შემოწმება უნდა განხორციელებულიყო. „ამან ამ ერთი თვის განმავლობაში ისეთი რაოდენობის არმატურის იმპორტირება შეიძლება გამოიწვიოს, რომელიც შემდეგ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის კონკურენციას. ეს კი, ბუნებრივია ქარხნის საქმიანობაზე აისახება“, - განაცხადა რომან კაკულიამ. 
 
მან ასევე მიმართა ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს და განაცხადა, - „ჩვენი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდება ეს მოვლენები. დღეს თუ არის შეკითხვები რასთან გვაქვს საქმე, აუცილებლად დგება ხოლმე მომენტი, როდესაც ყველაფერი ხელის გულზე დევს და ერთ მშვენიერ დღეს უკან რომ გაიხედავ აღარ იქნება ეს შეკითხვები. მაგრამ მთავარია, იმ დღეს მთავრობის კონკრეტული წევრების პასუხისმგებლობის საკითხი არ იყოს დასაყენებელი იმის გამო, რომ თავის დროზე რაიმე არაპასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“. 
 
დღევანდელ სხდომაზე გამოითქვა მოსაზრებები ანტიდემპინგური კანონის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. ასევე იმ მოსალოდნელ რისკებსა და პრობლემებზე, რასაც ზოგადად ქართულ წარმოებას უქმნის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კანონის“ ამოქმედების ვადის გადაწევა. ასევე იმსჯელეს რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს შექმნილ ვითარებაში. 
 
„საკითხი, რომლის გამოც შევიკრიბეთ მოითხოვს ჩვენს ოპერატიულ რეაგირებას. მინდა იცოდნენ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდება ეს მოვლენები“, - განაცხადა რომან კაკულიამ სხდომის ბოლოს და აღნიშნა, რომ კომიტეტი მომავალ კვირაშივე დაინტერესდება პრობლემების მოგვარების დინამიკით და თვალს მიადევნებს პროცესების განვითარებას.