საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპული ინტეგრაციის საკითხებში სერბეთის რესპუბლიკის გამოცდილებას გაეცნო
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2018 20:23
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპული ინტეგრაციის საკითხებში სერბეთის რესპუბლიკის გამოცდილებას გაეცნო

საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტად სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ქართველი კანონმდებლები ევროპული ინტეგრაციის საკითხებში სერბეთის რესპუბლიკის გამოცდილებას გაეცნენ.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა,

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი, კომიტეტის წევრი გიორგი მოსიძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრებმა,  საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩთან, ერთად, შეხვედრები გამართეს სერბეთისა და საქართველოს პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და წევრებთან. ასევე,  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან, ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გუნდის ხელმძღვანელთან.

მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან შეხვედრისას  ყურადღება გამახვილდა სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, როგორც ევროპული ინტეგრაციის საკითხების, ისე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. დუბრავკა ფილიპოვიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბელგრადს შორის პირდაპირი ფრენების აუცილებლობაზე და ისაუბრა  საელჩოების გახსნაზე.

მან დადებითად შეაფასა OGP-ს ფარგლებში თბილისში გამართული კონფერენცია, რომელშიც თავად მონაწილეობა. მან ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

თამარ ხულორდავამ ისაუბრა სერბეთის, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების  პროცესში მყოფი ქვეყნის გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარების მნიშვნელობაზე. „სერბეთის წარმატება ამ გზაზე, საქართველოს წარმატების წინაპირობაა“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ. კომიტეტის თავმჯდომარემ სერბ კოლეგებს საქართველოში ევროინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.  „საქართველოს უმთავრესი მიზანი იმ რეფორმების განხორციელებაა, რაც ქვეყანას ევროკავშირის სტანდარტებთან დააახლოებს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მედიის თავისუფლებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის განხორციელებულ რეფორმებს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, საქართველოში ევროპული ინტეგრაცია მყარი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს. „აღნიშნული კიდევ უფრო გამყარდა ჩანაწერით საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. 

ზარკო ობრადოვიჩთან შეხვედრის დროს სერბეთის მხარემ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებზე ისაუბრა - როგორც ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებელ ფაქტორზე. თამარ ხულორდავამ სერბ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და გააცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. „კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები მოკლებულნი არიან  შესაძლებლობას ისარგებლონ ქვეყნის წინსვლით და ევროპული ინტეგრაციით მიღებული შედეგებით“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. შეხვედრებზე ყურადღება დაეთმო სერბეთის პარლამენტის, კერძოდ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის როლს და საქმიანობას ევროკავშირთან მოლაპარაკებების და სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში.  ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ საქმიანობაში არასამთვრობო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც.

ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან იადრანკა იოქსიმოვიჩთან შეხვედრისას მონაწილეებმა ევროინტეგრაციული პროცესის სირთულეებზე ისაუბრეს.  განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა საზოგადოების ცნობიერებისა და მათთვის ევროპული ინტეგრაციის პოპულარიზაციისა და ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდებაზე და საზოგადოების ჩართულობაზე, რაც საზოგადოების მხარდაჭერის ზრდის წინაპირობაა. ტანია მიშჩევიჩმა საქართველოს დელეგაციის წევრებს მოლაპარაკებების პროცესში გადაწყვეტილებების მიღების სერბული სისტემა და ამ პროცესში ევროინტეგრაციის კომიტეტისა და სამინისტროს როლი გააცნო.

ვიზიტის შედეგად, მხარეები ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებაზე და გამოცდილების ურთიერთგაცვლაზე შეთანხმდნენ.

2019 წლის მარტში სერბეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი იგეგმება.