დავით ზალკალიანი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ტომას გრემინგერს შეხვდა
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2018 12:48
დავით ზალკალიანი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ტომას გრემინგერს შეხვდა

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ტომას გრემინგერთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთოსთან თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და მისი მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობასა და ორგანიზაციის როლის გაზრდას.

აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება და უსაფრთხოების გარემო, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ადგილზე საერთაშორისო სადამკვირვებლო, მათ შორის ეუთო-ს მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატისადმი მხარდაჭერა და აღნიშნეს ამ პროცესში ეუთო-ს მონაწილეობის მნიშვნელობა, ისევე როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის როლსა და მისი მუშაობის განახლების აუცილებლობას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული მხარის აქტიურ თანამშრომლობას ეუთოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან.

ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ქართულ მხარეს მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და ახალი პრეზიდენტის არჩევა, თავის მხრივ ქართულმა მხარემ აღნიშნა ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის როლი და საქმიანობა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რაც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ იქნა გაცემული.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას.

ტეგები