იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილა
ამობეჭდვა · 09 / 12 / 2018 16:09
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მთავრობის და სამინისტროების საპარლამენტო მდივნებთან ერთად, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მიესალმა, რომელმაც შეხვედრის მნიშვნელობასა და სამოქმედო გეგმაში გაწერილ აქტივობების შესრულებაზე ისაუბრა.

„კომიტეტში უკვე ერთგვარი ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომლის მიხედვითაც ყოველი წლის ბოლოს იმ სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, რომლებთანაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს, ვადგენთ სამოქმედო გეგმას. მთავრობის და სამინისტროების საპარლამენტო მდივნებთან ერთად წინასწარ გავდივართ სამოქმედო გეგმის პროექტებს. დღევანდელი შეხვედრა დაეთმობა იმ კანონპროექტების გაცნობას, რომელზეც კომიტეტი მომავალი ორი წლის
განმავლობაში იმუშავებს. სიახლეს წარმოადგენს საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების ფარგლებში საკომიტეტო სხდომებზე შესაბამისი პირების მოსმენების გრაფიკის შედგენა.

მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტი ახალ ინიციატივებზე აპირებს მუშაობას და ამ პრიორიტეტებში გამოყოფილია მართლმსაჯულების რეფორმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი და სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებები. ასევე ვგეგმავთ ზედამხედველობის განხორციელებას იმ კანონების შესრულებაზე, რომელიც უკვე მიღებულია და თემატური მოკვლევის ჩატარებას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა, ხმაურის შესახებ კანონი და სხვა. ეს იქნება ახალი მიდგომა, რომლითაც კომიტეტი აძლიერებს როგორც საკანონმდებლო პროცესის სტანდარტებს, ასევე საზედამხედველო მიმართულებებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სამუშაო შეხვედრაზე  ახალი სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვისას, საუბარი შეეხო იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელთა განხორციელებაც გასული წლების სამოქმედო გეგმაში ვერ მოესწრო და რომლებიც 2019-2020 წლების გეგმაში ისევ რჩება. შეხვედრაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა და სამინისტროების წარმომადგენლებმა კომიტეტთან თანამშრომლობით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს და მათი სამოქმედო გეგმაში ასახვის მნიშვნელობა განიხილეს.

„მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია კოორდინაციისთვის და მთავრობასა და პარლამენტს შორის შესაბამისი ინფორმაციული უზრუნველყოფისთვის. მთავრობის მხრიდან შევეცდებით კიდევ უფრო გავააქტიუროთ ეს პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი სამოქმედო გეგმების არსებობა და ყველა უწყება წინასწარ იქნება ინფორმირებული
საკანონმდებლო პროცესის მიმდინარეობაზე.   ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ ვიმედოვნებთ, რომ  თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ.

იურდიულ საკითხთა კომიტეტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის საბოლოო ფორმირება და მისი დამტკიცება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ტეგები