საქართველოს პარლამენტმა ქართველი პოლიტიკოსის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა
ამობეჭდვა · 09 / 12 / 2018 20:30
საქართველოს პარლამენტმა ქართველი პოლიტიკოსის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

„ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში მე-4 და მე-5 მოწვევის (1995-2001 წწ.) პარლამენტის თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სკოლის დირექტორმა, ქეთევან მახარაშვილმა მიმართა, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში და სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ დაარსებაში ზურაბ ჟვანიას დამსახურებაზე ისაუბრა.

„ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა მისი სახელის ტარება. ზურაბ ჟვანია იყო ის პოლიტიკოსი, რომლის ხედვებმაც განსაზღვრა საქართველოს დემოკრატიული განვითარება. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ქართულ პარლამენტარიზმს და ევროპული ინტეგრაციისკენ სვლას. ზურაბ ჟვანია ქმნიდა პოლიტიკურ ამინდს ქვეყანაში და ბევრ მნიშვნელოვან პროცესს ედგა სათავეში“, - განაცხადა ქეთევან მახარაშვილმა.

ქართველი პოლიტიკოსის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა.

„ზურაბ ჟვანიამ უმაღლესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ დროს, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ქართული პარლამენტარიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, ჯერ კიდევ არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი, თუნდაც, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი და ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელმაც ამ ყველაფერში, განსაკუთრებული როლი შეასრულა. “სწორედ ბატონი ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა ის, რომ დღეს ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვითარდება ჩვენი პარლამენტარიზმი. ვითარდება ჩვენი პოზიციები, ძლიერდება საგარეო და კულტურული მიმართულებით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს უკავშირდება, ზურაბ ჟვანიას მოღვაწეობის დროს ჩამოყალიბდა.

„გვაქვს ძალიან მკაფიოდ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან. ჩვენი ამოცანა გახლავთ ინტეგრაცია დასავლურ სივრცესთან და ეს არის სწორედ ის კურსი, რომელიც ჩამოყალიბდა იმ დროს, როდესაც მოღვაწეობდა ბატონი ზურაბ ჟვანია. ბატონი ზურაბის როლი ამ ყველაფერში არის ნამდვილად ფასდაუდებელი”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ზურაბ ჟვანიას ოჯახის სახელით, მისი ვაჟი, ბუსა ჟვანია მიესალმა, რომელმაც ღონისძიების ორგანიზებისთვის პარლამენტის თავმჯდომარეს და სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ დირექტორს მადლობა გადაუხადა. „ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია დღეს აქ, საქართველოს პარლამენტში ყოფნა, რომლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ზურაბ ჟვანიამ თავის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნა. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი სახელმწიფო განვითარების იმ ხედვას, რომლის ირგვლივაც დღემდე ერთიანდება სრულიად პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება, მიუხედავად მწვავე პოლიტიკური პროცესებისა. ზურაბ ჟვანიამ ეს ხედვა ერთ ისტორიულ ფრაზაში შეაჯამა - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“, - განაცხადა ბუსა ჟვანიამ.

ღონისძიების დასასრულს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის - „ჩვენი თაობის პრივილეგია“ - გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია და მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართება.
 

ტეგები