ზაზა ოქუაშვილს შესაძლოა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს
ამობეჭდვა · 11 / 12 / 2018 20:12
ზაზა ოქუაშვილს შესაძლოა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ზაზა ოქუაშვილს შესაძლოა სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდეს. რეგლამენტის მიხედვით დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი იმ შემთხვევაში არსებობს, თუ კი ის ერთი სესიის განმავლობაში კალენდარული სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით გააცდენს. აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ „პრაიმტაიმსს“ დაუდასტურა, რომ საშემოდგომო სესიის დასრულების შემდეგ უმაღლეს საბჭოს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის საფუძველი ექნება.

„საშემოდგომო სესიის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო დეპარტამენტს რეგლამენტით ვალდებულება აქვს , რომ გააკეთოს ერთგვარი ჩამონათვალი დეპუტატთა იმ ნაწილისა რომელებიც არ ცხადდებოდნენ სხდომებზე და ასევ წარმოადგინოს მიზეზები. ბატონი ზაზა საშემოდგომო სესიის არცერთ სხდომას არ დასწრებია. კონსტიტუციურ ნორმაში წერია, რომ თუ კი დეპუტატი სესიის განმავლობაში ნახევარზე მეტ სხდომას არ დაესწრება, მაგალითად ოთხიდან სამს , ასეთ შემთხვევაში ეს შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი“-განუცხდა ნინო ჩხეტიამ „პრაიმტაიმსს“

აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მიხედვით კი დეპუტატს უმაღლესი საბჭოს სხდომების გაცდენა საპატიოდ მხოლოდ რამდენიმე მიზეზით შეიძლება ჩაეთვალოს. მაგალითად მივლინება, ჯანმრთელობის მდგომარეობა , ოჯახური მდგომარეობა, ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ან ოჯახის წევრის გარდაცვალება, თუმცა ზაზა ოქუაშვილს უმაღლესი საბჭოსთვის წერილობით არ მიუმართავს.

„რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი საორგანიზაციო დეპარტამენტში ბატონი ზაზას რაიმე ტიპის წერილობითი მომართვა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სახელზე არ შესულა“-განუცხადა „პრიამტაიმს“ ნინო ჩხეტიამ.

უმაღლესი საბჭოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის კი საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობის არანაკლებ ერთი მესამედის ანუ შვიდი დეპუტატის თანხმობა.

მას შემდეგ რაც ზაზა ოქუაშვილი „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა, ოქუაშვილმა საჯაროდ განცხადა რომ ის ლონდონიდან საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებდა, რადგან მისი პირადი უსაფრთხოება დაცული არ იყო. გადაცემა „360“ გრადუსში კი ბიზნესმენმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა დაადასტურა, რომ ის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

ზაზა ოქუაშვილს უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი აქვს. არის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი. მისი ანაზღაურება 2150 ლარია თვეში.

წყარო: პრაიმტაიმი
 

ტეგები