თბილისის წლევანდელი საახალწლო სლოგანი „სიყვარულით სავსე ქალაქი“ იქნება
ამობეჭდვა · 12 / 12 / 2018 13:14
თბილისის წლევანდელი საახალწლო სლოგანი „სიყვარულით სავსე ქალაქი“ იქნება

თბილისის წლევანდელი საახალწლო სლოგანი „სიყვარულით სავსე ქალაქი“ იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, დღეს ქალაქში ნათლად იგრძნობა სიყვარულის ნაკლებობა, რომელიც ყველა დიდი საქმის კეთების დროს მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივატორია.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მოსახლეობის მხარდაჭერა და თანადგომა გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ, მეტი პროექტი განვახორციელოთ. საზოგადოების გარეშე, მხოლოდ მერია და მერიის თანამშრომლები ვერაფერს გააკეთებენ. ვფიქრობ, უმთავრესი მაინც არის ის, რისი ნაკლებობაც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ქალაქში ნათლად იგრძნობა; ის, რაც არის მთავარი მამოძრავებელი ძალა
და მოტივატორი ყველა კარგი და დიდი საქმის კეთების დროს - ეს არის სიყვარული. უფრო მეტი სიყვარული გვმართებს ერთმანეთის, უბნის, ქალაქის, მოხუცების, ახალგაზრდების, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების, ქუჩის ბინადარი ცხოველების
მიმართ; მეტი პატივისცემა გვმართებს, როგორც ჩვენი დიდი მემკვიდრეობის, ისე სიახლეებისადმი. ვისურვებდი, სწორედ სიყვარული იყოს ყოველი ახალი წამოწყების საფუძველი. არა ბოღმით, ერთმანეთის ლანძღვით და ქილიკით, არამედ სიყვარულით ვაკეთოთ საქმე და ასე ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, მოსახლეობას და სამშობლოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება - „სიყვარულით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არავის სიამოვნებს ის გარემო და მდგომარეობა, რომელშიც დღეს საზოგადოება იმყოფება.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთისადმი სიყვარული. დაიღალა საზოგადოება ამდენი სიძულვილით, ბოღმით, შეურაცხყოფით ერთმანეთის მიმართ. მესმის, რომ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილური - უნდა იყოს პოლემიკა, დებატები და არა ისე, რაც დღეს ხდება. ეს კატეგორიულად მიუღებელია ყველასთვის. არავის სიამოვნებს ის გარემო და მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, ნაძვის ხის განთავსებასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

„28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გიმასპინძლებთ საახალწლო სოფელში, რომელშიც დამთვალიერებელს დახვდება ახალი ინსტალაციები, დიდი საბავშვოსივრცეები, ზღაპრის გმირები, საბავშვო კონცერტები, დღის ბენდები და საღამოს
თემატური კონცერტები, საშობაო ბაზრობა და მოქალაქეებს სხვადასხვა კერძების დაგემოვნებაც შეეძლებათ. საახალწლო კონცერტებში ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას - საზოგადოებას აქაც არ დავყოფთ „იმისიანებად“ და „ამისიანებად“. ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ, რადგან ამა თუ იმ ჯგუფად საზოგადოების დაყოფა კატეგორიულად მიუღებელია. მთლიანობაში საახალწლო ღონისძიებებში დაახლოებით, 500 მონაწილე იქნება ჩართული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, 7 იანვარს, საახალწლო სოფელს ყველა დროისა და ყველასათვის საყვარელი მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ დახურავს, რომელიც „თბილისის ცის ქვეშ“ პირველად გათამაშდება.

„რაც შეეხება გალა კონცერტს, მისი კონცეფცია სამ ნაწილად იყოფა და სცენაც სწორედ სამ სივრცედ გადანაწილდება. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ორკესტრთან ერთად, ყველა დროის ყველაზე საყვარელი კინომუსიკა შესრულდება. რა თქმა უნდა,
საახალწლო და საშობაო განწყობისთვის, ყველასთვის საყვარელი საშობაო სიმღერები გაჟღერდება. წარმოდგენილი იქნება 40 ნომერი და მსმენელის წინაშე 170 მუსიკოს- შემსრულებელი წარსდგება. დარწმუნებული ვარ, ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება სივრცეები, სადაც შეგიძლიათ, მობრძანდეთ და საახალწლო განწყობა შეიქმნათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. დარწმუნებული იყავით, ყოველთვის თქვენს სამსახურში ვიქნებით. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქალაქს და თბილისის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ტეგები