პარლამენტის ბიურო დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა
ამობეჭდვა · 12 / 12 / 2018 14:32
პარლამენტის ბიურო დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა

პარლამენტის ბიურო დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა.

განსახილველ საკითხებს დაემატა რამდენიმე კანონპროექტი, მათ შორის, დაჩქარებული წესით განსახილველი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო კოდექსში „ცვლილების შეტანის შესახებ“, „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, „ტყის კოდექსში“ ცვლილებების კანონპროექტი და მისი თანმდევი ცვლილებების პაკეტი, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ასევე პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველო - ჰონგ-კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“.

დღის წესრიგში რამდენიმე საორგანიზაციო საკითხია გათვალისწინებული.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ადა მარშანიამ, ფრაქციის სახელით, დასვა საკითხი, რომ პარლამენტის სხდომების დღის წესრიგში შევიდეს საკითხი სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის მორატორიუმის აღდგენის თაობაზე.

„ორ დღეში იწურება ვადა თავისუფალი სივრცისა, რომელიც თეორიულად შეიძლება, რისკად განხილულიყო, მაგრამ პრაქტიკული რეალობა მინიმალურია, რომ რაიმე სერიოზული ტრანზაქცია ან რეგისტრაცია მოხდეს. ინაუგურაციის შემდეგ, ანუ 16 დეკემბრის შემდეგ, ეს იქნება დე ფაქტო მორატორიუმი, ვინაიდან ახალი კონსტიტუციით ისედაც აკრძალულია მიწის გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. პირიქით, ინაუგურაციის შემდეგ, როდესაც მორატორიუმი ამოქმედდება, რომ არ მოხდეს ტოტალური აკრძალვა საჭირო იქნება ორგანული კანონის მიღება და ამ საკითხის რეგულირება“, -განაცხადა ადა მარშანიას პასუხად აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ.

„საქართველოს პატრიოტების“ წევრს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებისთანავე, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით აღდგება. ირაკლი კობახიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ თუ საზოგადოებას სწორ ინფორმაციას მიიღებს, ვნებათაღელვა არ იქნება.

„კვირა დღეს, ნამდვილად, აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება რეალურად მორატორიუმი, აქედან გამომდინარე, არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ იქნება. კვირა დღეს, აბსოლუტური ფორმით აღდგება მორატორიუმი, გამომდინარე, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან, რომელიც შევა ძალაში სწორედ ინაუგურაციის შემდეგ. აქედან გამომდინარე, დამატებით ამ საკითხის განხილვის საჭიროებას ვერც მე ვხედავ. რაც შეეხება საზოგადოების ვნებათაღელვას, თუ მივაწვდით სწორ ინფორმაციას საზოგადოებას ამ საკითხის თაობაზე, ამ შემთხვევაში, ვნებათაღელვაც არ იქნება.

საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ კვირა დღიდან მორატორიუმი აღდგება აბსოლუტური ფორმით. თუ ეს ეცოდინება საზოგადოებას, ამ შემთხვევაში ვნებათაღელვაც არ იქნება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით „მმართველი გუნდის მიდგომა ამ საკითხისადმი არის ის, რომ ამას მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში არ განვიხილავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეთნიკურ-კულტურული გარემოს შენარჩუნება და მისი რადიკალური ცვლილების არ დაშვება. ასეთი მიდგომების ადამიანების უმრავლესობა ამ გუნდში არის გარანტი იმისა, რომ არავითარი მსგავსი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული“.

ბიუროს წევრებმა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.
 

ტეგები