ნაციონალური მოძრაობა თელავში აქციის გამართვის ადგილის შეცვლას არ გეგმავს
ამობეჭდვა · 14 / 12 / 2018 13:26
ნაციონალური მოძრაობა თელავში აქციის გამართვის ადგილის შეცვლას არ გეგმავს

„ნაციონალური მოძრაობა“ თელავში, აქციის გამართვის ადგილის შეცვლას არ გეგმავს, - ამის შესახებ პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„როცა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ ვიცოდით, რომ იმ ადგილას, სადაც აქციის გამართვას ვაპირებდით, არაფერი იგეგმებოდა. ეს დადასტურდა კიდეც მერიის პასუხით, რომელიც გუშინ მოგვივიდა. ის ადგილი, რომელსაც მერია გვთავაზობს, ყოვლად მიუღებელია, რადგან ეს არის ვიწრო ქუჩა და მოშორებულია ტერიტორიიდან, სადაც ჩვენ გვინდოდა აქციის გამართვა.

წერილში წერია გაუგებარი რამ, რაც მერიის კომპეტენციაში არ შედის, რომ ის ადგილი, სადაც აქცია უნდა გაგვემართა, გამოყენებული უნდა იყოს მიმდებარე ტერიტორიის დაცვისთვის. მივმართავთ მერს და ხელისუფლებას, ჩვენ ვაპირებთ, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გავმართოთ ზუსტად იქ, სადაც თავიდან მოვითხოვეთ. პროცედურა ითვალისწინებს, რომ ამ შემთხვევაში აცნობო მერიას, ჩვენ ასეც გავაკეთეთ, ვაცნობეთ საპატრულო პოლიციას, მერიას, საგანგებო სიტუაციების სამსახურს, რომ აქცია გაიმართება იქ, სადაც იგეგმებოდა. პირიქით, მოვუწოდებთ მათ, რომ უზრუნველყონ სიმშვიდე. ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიან მანიფესტაციას“, - განაცხადა ბოტკოველმა.

გაერთიანებულ ოპოზიციას თელავში აქციის გამართვაზე უარი ეთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი ადასტურებს. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი ადგილის ნაცვლად, მათ მერიამ სხვა ადგილზე შესთავა აქციის გამართვა.

ტეგები