საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას 50-ზე მეტი ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება
ამობეჭდვა · 14 / 12 / 2018 14:48
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას 50-ზე მეტი ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ეწვევიან მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ასევე ინაუგურაციას დაესწრება 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან ინფორმაციის გაცვლა მეგობარ სახელმწიფოებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება: სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი (2007-2012 წწ) ნიკოლა სარკოზი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სენატის წევრი, ასევე თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი, სებეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მინისტრი, მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრი, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის კნესეტის (პარლამენტი) ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აშშ-დან USAID-ის წარმომადგენელი, წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი, არქიბიშოპი“,- განაცხადა თოთლაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ინაუგურაციის ღონისძიების ფარგლებში საქართველში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები გამართავენ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„საქართველო მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოში სტუმრობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მაღალი წარმომადგენლობა მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო თანამეგობრობაში და გამოხატავს ორმხრივ მზაობას მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლოთ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის“,- განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

ტეგები