"ბრძოლის ჩემეულ მოკრძალებულ რეცეპტს დაგიწერთ..." - ცოტნე გამსახურდია
ამობეჭდვა · 15 / 12 / 2018 15:02
"ბრძოლის ჩემეულ მოკრძალებულ რეცეპტს დაგიწერთ..." - ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია სოცილურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მეგობრები, გულშემატკივრები, უბრალოდ დაინტერესებულები, მეკითხებიან: რის იმედი გაქვთ, რას შეცვლით? ამათ ნამუსი არა აქვთ, რას აიძულებთ შიმშილობით?

ამ ყველაფერზე ჩემი წლების წინ დაწერილი ტექსტი გამახსენდა. როგორც იქნა, მოვძებნე და გაგიზიარებთ. ჩვენ აქ არც სტიმულს ველოდებით, არც ჯილდოებს და პრემიებს, და უბრალოდ ვაკეთებთ იმას, რაც სწორად მიგვაჩნია...

მერკანტილურ და მშიშარა საზოგადოებას, რომელიც თავის ყოველი ნაბიჯისთვის ფოჩიან კანფეტს ელოდება, არასდროს ეღირსება ცვლილება და უკეთესი მომავალი...

აი, ეს ტექსტიც:

"ბრძოლის ჩემეულ მოკრძალებულ რეცეპტს დაგიწერთ, გამოგადგებათ სამოქალაქო აქტივისტებს, უფლებადამცველებს, პოლიტიკურ გაუმჯობესებისათვის მებრძოლებს. ერთი შეხედვით, შეიძლება გაუგებრად, უცნაურად მოგეჩვენოთ. ამ სიტყვების ავტორს ერთ და უცილობელ ჭეშმარიტებაზე არც ჰქონია პრეტენზია. სამყარო, რეალობა, უზენაესი - იმდენად მრავალფეროვანია, მისი შემცნების იმდენი გზა არსებობს, რომ არ გამოვრიცხავ სხვას სხვა გამოცდილება ჰქონდეს. და მაინც, მიმაჩნია, რომ რაღაც კონკრეტული, აქსიომატური პრინციპები არსებობენ:

არასდროს გქონდეს იმედი. ის შენი ეგოისტური, შეზღუდული ხედვის პროექციაა სამყაროზე. რატომ უნდა მოხდეს მაინცდამაინც ისე, როგორც შენ გინდა?

იმედს ყოველთვის თან ახლავს შიში: რომ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც შენ ფიქრობ. ეს ათასგვარ აღქმის დამახინჯებას, აბერაციებს იწვევს.

ვერ გაიმარჯვებ, სანამ გამარჯვება შენთვის სულერთი არ გახდება.

არასდროს იფიქრო შედეგზე - ის მაინც არ არის შენ ხელში. მასზე შეიძლება ძალზე მიახლოებითი წარმოდგენა გქონდეს. სწორედ ისე, როგორც მშვილდოსანს: შენ აქ ყველაფერი სწორად გააკეთე და ისარი თავისით ხვდება მიზანში. ვინც სროლა იცით, გამიგებთ. ცხოვრებაშიც ასეა, პრინციპი უნივერსალურია.

იყავი, ეცადე იყო ერთი... სამყაროსთან. ჩაახშე შენი სურვილები, აზრები, წარმოდგენები. იგი, ვინც სამყაროს უდრის, დაუმარცხებელია.

ვინც არ ეთანხმებით, კარგად იყავით. უკაცრავად, აქ პოლემიკას ვერ მივიღებ. იმდენად სისხლხორცეულია ყოველი ნათქვამი სიტყვა. ალბათ არც უნდა დამეწერა, მაგრამ იყოს, რა იცი, ვინმეს გამოადგეს...", -  წერს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები მეორე დღეა, პროკურატურის შენობაში შიმშილობენ. ისინი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებით უკმაყოფილოები არიან და ფიქრობენ, რომ საქმე ხანდაზმულობის ვადის გამო, შესაძლოა, მალე დაიხუროს.

ტეგები