აშშ-ს კონგრესმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
ამობეჭდვა · 17 / 12 / 2018 21:55
აშშ-ს კონგრესმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. 3 ოქტომბერს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო სენატმა.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რეზოლუციის მიხედვით, პასუხისმგებლობა ჰოლოდომორზე ეკისრება იოსებ სტალინსა და მაშინდელ პარტიულ ხელმძღვანელობას. დოკუმენტში, ასევე, გაკიცხულია საბჭოთა ხელისუფლების ქმედებები უკრაინელი ხალხის მიმართ, კერძოდ, კი საუბარია თვითგამორკვევისა და სიტყვის თავისუფლებაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნულ დოკუმენტს ისტორიული უწოდა, "რომელსაც უკრაინელები ათობით წელია ელოდნენ".

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ჰოლოდომორი, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი და მას სსრკ-ს ხალხის საერთო ტრაგედია უწოდა. უკრაინელი ხალხის გენოციდად ჰოლოდომორი აღიარა 20-მა ქვეყანამ, მათ შორის, პოლონეთმა, კანადამ, ავსტრიამ და საქართველომ.

მასობრივმა შიმშილმა, ჰოლოდომორმა (Голодомор, შიმშილით სიკვდილი), რომელიც უკრაინელ ხალხს 1932-33 წლებში დაატყდა თავს, 2 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შიმშილობა გამოწვეული იყო საბჭოთა პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. 

უკრაინის უმაღლესმა რადამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალის გენოციდად 2006 წელს აღიარა. 2008-2010 წლებში ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ ჰოლოდომორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად მიიჩნია.

Katerina Zhvania-ს ფოტო.

Katerina Zhvania-ს ფოტო.

წყარო: on.ge

ტეგები