დავით ზალკალიანი: საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს სწორედ სალომე ზურაბიშვილმა დაამკვიდრა ელჩების ყოველწლიური შეკრების ტრადიცია
ამობეჭდვა · 18 / 12 / 2018 12:43
დავით ზალკალიანი: საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს სწორედ სალომე ზურაბიშვილმა დაამკვიდრა ელჩების ყოველწლიური შეკრების ტრადიცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის - „ელჩების კონფერენციის“ ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ღონისძიების სტუმრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მათი მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმზღვანელმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს პრმიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებში ასახვის გამო და აღნიშნა პრემიერის პირადი ჩართულობა იმ მრავალ წარმატებაში, რაც საგარეო ურთიერთობის კუთხით ქვეყანას გააჩნია.

„მადლიერი ვართ, რომ თქვენს მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებში, პირველ ადგილზე დააყენეთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაცია. სწორედ თქვენმა ჩართულობამ და მნიშვნელოვანმა აქტიურობამ მიმდინარე წელს საქართველოს მოუტანა ხელშესახები შედეგები საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, ამაზე მეტყველებს მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკა, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები, გადაწყვეტილებები, თანამშრომლობის ახალი ფორმატები და სხვა”- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა პარლამენტის ჩართულობა საგარეო პოლიტიკური ამოცანების რეალიზებაში და ამ მხრივ ყურადღება გაამხივა ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდგომ პარლამენტის როლზე. „მადლობა, რომ ზედიზედ მესამე წელია გვმასპინძლობთ პარლამენტის შენობაში ქართველ დიპლომატებს. საკანონდმებლო ორგანოსთან მჭიდრო კოორდინაციით ჩვენ მნიშვნელოვნად განვავითარეთ პარტნიორ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ახალი კონსტიტუცია, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა ძალაში და რომელიც ასრულებს ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესს, ზრდის პარლამენტის როლს, რაც ჩვენი შემდგომი, უფრო მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის საფუძველი გახდება”-განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების ტრადიციად დამკვიდრებისათვის. „რამდენიმე დღის წინ ჩატარდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია, დარწმუნებული ვარ, მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ერთად ღირსეულად წარმოვაჩინოთ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე. მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს სწორედ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაამკვიდრა ელჩების ყოველწლიური შეკრების ტრადიცია და გვახსოვს მის მიერ ჩატარებული ამბასადორიალი ბათუმში.“-აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ღონისძიების უცხოელ სტუმრებზე. წელს ელჩების კონფერენციაში მონაწილებას მიიღებენ მოლდოვის ვიცე-პრემიერი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი. სპეციალურ სესიაზე მონაწილეები იმსჯელებენ რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“. „ჩვენ ბუნებრივია შევეხებით ბოლო სამწუხარო განვითარებებს აზოვის ზღვაში, ზოგადად რეგიონის უსაფრთხოების გარემოს და რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული უგულვებელყოფით საფრთხეს უქმნის რეგიონულ და ევროპის მშვიდობასა და სტაბილურობას.“-განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიამა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საქმინობისთვის, რასაც ისინი ეწევიან. „თქვენ დგახართ საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გატარების წინა ხაზზე და მრავალი წელია ერთგულად ემსახურებით თქვენს სამშობლოს“-აღნიშნა ზალკალიანმა.

ელჩების კონფერენციის მონაწილეები ღონისძიების ფარგლებში, რომელიც 18-21 დეკემბერამდე გასტანს, შეაჯამებენ 2018 წლის შედეგებს, ისაუბრებენ სამინისტროს მიღწევებსა და ახალ ინიციატივებზე, გამართავენ თემატურ შეხვედრებს საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე. „ელჩების კონფერენციის“ ფარგლებში დიპლომატების, მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ასევე განიხილავენ 2019-22 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პროექტს.​

ტეგები