პუტინს რუსეთში რეპის გაკონტროლება სურს
ამობეჭდვა · 18 / 12 / 2018 12:58
პუტინს რუსეთში რეპის გაკონტროლება სურს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ქვეყანაში რეპ მუსიკა უნდა დარეგულირდეს. მუსიკის ამ მიმდინარეობაზე განცხადება ფედერაციის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყანაში რეპი ახალგაზრდებში სულ უფრო პოპულარული ხდება.

“თუ მისი შეჩერება შეუძლებელია, მაშინ ჩვენ მისი მართვა მოგვიწევს,”-ამბობს პუტინი რეპის შესახებ.

პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პუტინმა განაცხადა, რომ რეპერებისთვის კონცერტების ჩატარების აკრძალვას საპირისპირო შედეგი მოჰყვება და რეპის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება.

NBC წერს, რომ ერთი თვის წინ რუსეთში დააკავეს რეპერი ჰასკი. მის ვიდეოებს YouTube-ზე მილიონობით ნახვა ჰქონდა. რეპერი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კრასნოდარში ჩატარებული შოუს შემდეგ დააპატიმრეს.

25 წლის მომღერალი ძირითადად სიღარიბეზე, კორუფციასა და პოლიციის სისასტიკეზე რეპავს. ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, მომღერლის ქმედებები “ექსტრემიზმის” ნიშნებს შეიცავდა. სანამ პოლიციელები წაიყვანდნენ, რეპერი მანქანაზე აძვრა და ასეულობით ფანით გარშემორტყმულმა წაიღიღინა “მე ვიმღერებ ჩემს მუსიკას, ყველაზე პატივსაცემ მუსიკას”. ნოემბერის ბოლოს ჰასკის დაკავებას რამდენიმე არტისტის მიერ დაგეგმილი კონცერტების გაუქმება მოჰყვა.

წყარო: netgazeti.ge

ტეგები