გურამ დონაძე საპატიმროდან განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 20 / 12 / 2018 10:47
გურამ დონაძე საპატიმროდან განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე, რომელიც სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში იმყოფება, განცხადებას ავრცელებს და მის მიმართ გამოტანილ განაჩენს აფასებს. განცხადება მსჯავრდებულმა ადვოკატის მეშვეობით გაავრცელა.

“2018 წლის 18 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე - დავით მგელიაშვილმა, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთი უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა. მგელიაშვილმა, პირადი ინტერესები კანონზე მაღლა დააყენა და ყოველგვარი მტკიცებულებების შეფასების გარეშე, პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. ამით კი, მისი, როგორც მოსამართლის, უვადოდ გამწესების გარანტია მიიღო. ე.წ. კრიმინალმა ზაზა ბაქრაძემ კი, პროკურატურასთან წინასწარ შეთანხმებული გეგმა-გარიგების თანახმად, ცრუ ჩვენების საფუძველზე, თავისუფლება მოიპოვა და სრულიად უდანაშაულო ადამიანები - ჟურნალისტი და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები პოლიტიკურ პატიმრებად აქცია”, - წერს გურამ დონაძე.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, 18 დეკემბერს მოსამართლემ გურამ დონაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სხვა ოთხ პირთან ერთად დამნაშავედ სცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდა. გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლითა და 3 თვით ვადით მიესაჯა პატიმრობა. თანამდებობის დაკავება მას 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.

ტეგები