ზაზა სარალიძე პარლამენტში გიორგი გახარიას მოსასმენად მისვლას გეგმავს
ამობეჭდვა · 20 / 12 / 2018 15:29
ზაზა სარალიძე პარლამენტში გიორგი გახარიას მოსასმენად მისვლას გეგმავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე 21 დეკემბერს, პარლამენტში შს მინისტრის გიორგი გახარიას მოსასმენად მისვლას გეგმავს. ამის შესახებ სარალიძემ "ევროპული საქართველოს" წევრთან, სერგი კაპანაძესთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

სარალიძის თქმით, გახარიას მიმართ მთავარი შეკითხვა ისაა, თუ რატომ "აფარებენ მისი შვილის მკვლელს" ხელს. მისი თქმით, შეკითხვები მთავარ პროკურორთან შალვა თადუმაძესთანაც აქვს.

"კიდევ უფრო მეტი კითხვა ბატონ თადუმაძესთან, რომელთანაც გაგზავნილი მაქვს შეტყობინება, რომ შემხვდეს, თუმცა მემალება. ხვალ შს მინისტრი მიდის პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად. ძალიან დიდი სურვილი მაქვს თავად დავესწრო ამ სხდომას. ვეცდები, რომ პარლამენტში მოვხვდე და პირადად მოვუსმინო დასმულ კითხვებსზე პასუხებს", - თქვა ზაზა სარალიძემ.

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პლენარულ სხდომაზე უპასუხებს.

21 დეკემბერს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მივა და დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარდგება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მინისტრი ისაუბრებს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა და მასზე ხელახლა დაწყებული გამოძიებაა.

ტეგები