ზაზა სარალიძე შს მინისტრის გამოსვლაზე დასწრების მოთხოვნით ქუთაისის პარლამენტში მივიდა
ამობეჭდვა · 21 / 12 / 2018 12:42
ზაზა სარალიძე შს მინისტრის გამოსვლაზე დასწრების მოთხოვნით ქუთაისის პარლამენტში მივიდა

სად არის ჩემი შვილის მკვლელი? - ეს არის ჩემი მთავარი კითხვა, მაგრამ სამწუხაროდ, არამგონია იქ კითხვა დამასმევინონ, - ამის შესახებ ზაზა სარლიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლაზე დასწრებით მიზნით ქუთაისში ჩავიდა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

სარალიძის თქმით, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ბოლო 3 თვის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა და პლენარულ სხდომაზე სიახლეებს ელოდება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროდან და პროკურატურიდან ყოველ დღე ველოდები სიახლეებს იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი არ არის გაკეთებული ბოლო 3 თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა, სიახლეებს ველოდები. მაგის გამო ვარ ჩამოსული, რომ მინისტრისა და დეპუტატების პასუხებს მოვუსმინო, ვინც კი ჩაერთვება ამ დებატებში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველთვის ერთსა და იმავეს მიმართავენ, რომ მზად არიან დამნაშავეების დასაკავებლად, მაგრამ ფაქტია, პროკურატურა თავს იკავებს. პროკურატურაში სხვა პასუხს ვიღებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში - სხვას ანუ შსს მზად არის მკვლელების დასაკავებლად, მაგრამ პროკურორები არ გასცემენ შესაბამის განკარგულებებს, რათა გარკვეული პირები პასუხისგებაში მიეცნენ. პროკურატურა გვიმარტავს ასეთ რამეს, რომ თითქოს არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც კონკრეტულ პირს ბრალი წარედგინება, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს მტკიცებულებები არსებობს საქმის მასალებში, ყველაფერი გამოკვლეული და ნათელია, უბრალოდ ამას სჭირდება ვიღაც ადამიანის კეთილი ნება, რომ სამართალი აღსრულდეს. სად არის ჩემი შვილის მკვლელი? - ეს არის ჩემი მთავარი კითხვა, მაგრამ სამწუხაროდ, არამგონია იქ კითხვა დამასმევინონ,"- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ტეგები