ზაზა გაბუნია: დეცენტრალიზაციის რეფორმა არის შესაძლებლობა უფრო უკეთ ვუპასუხოთ ხალხის ინტერესებს და უზრუნველყოთ რეგიონების თანაბარი განვითარება
ამობეჭდვა · 21 / 12 / 2018 13:44
ზაზა გაბუნია: დეცენტრალიზაციის რეფორმა არის შესაძლებლობა უფრო უკეთ ვუპასუხოთ ხალხის ინტერესებს და უზრუნველყოთ რეგიონების თანაბარი განვითარება

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ორგანიზებით, საკრებულოს წევრთათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესი გაიმართა. ღონისძიება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

„ჩვენ გვჭირდება თანმიმდევრულობა და უწყვეტობა რეფორმების გზაზე. გვჭირდება დეცენტრალიზაციის რეფორმა და ამისთვის მზადყოფნა სრულად იქნა გამოხატული პარლამენტის და მთავრობის მხრიდან სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა და რომელიც საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა

16 დეკემბერს ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია. მე მქონდა პატივი ვყოფილიყავი საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ამ დოკუმენტით ამოქმედდა ახალი ჩანაწერები თვითმმართველობის სასარგებლოდ, რომ მას უნდა ჰქონდეს ფინანსები, ქონება და რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ფინანსების შესაბამისობა მათ უფლებამოსილებებთან.

დეცენტრალიზაციის რეფორმა არის შესაძლებლობა უფრო უკეთ ვუპასუხოთ ხალხის ინტერესებს და უზრუნველყოთ რეგიონების თანაბარი განვითარება, მათი საცხოვრებლად და სამუშაოდ მიმზიდველ ადგილებად ქცევა“ - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

კონგრესი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც ძირითადი აქცენტები გაკეთდა დეცენტრალიზაციის რეფორმაზე. კონგრესის მონაწილეებმა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფის, მუნიციპალიტეტების განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების გაძლიერების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

კონგრესის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორმა ჯონ დიპირომ და აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ჯეფრი რენომ. აშშ-ის ელჩის მოადგილემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას, ,ადგილობრივი და სახელმწიფო ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ ფორუმის დაარსებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი არის პროგრესული ნაბიჯი საქართველოს თვითმმართველობების დემოკრატიის მიმართულებით.

,,მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან აქტიური და ეფექტური თანამშრომლობისათვის. საკრებულოების კონგრესი არის ძალიან წარმატებული ფორმატი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

საკრებულოს წევრთა კონგრესს პარლამენტის წევრები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები დაესწრნენ..




 

ტეგები