პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება
ამობეჭდვა · 24 / 12 / 2018 20:54
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე რიგგარეშე სესიის 26-28 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხები გააცნო. აღინიშნა, რომ მიმდინარე სასესიო კვირის მანძილზე კანონმდებლები 60-მდე კანონპროექტს სხვადასხვა მოსმენით განიხილავენ.

სხდომაზე დეპუტატები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს და საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ.

ბიუროს სხდომაზე „სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტი და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ორი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა.

მეორე ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც დაჩქარებული წესით განხილვისთვის იქნა წარმოდგენილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განმარტება გააკეთა.

მისი განცხადებით, კანონპროექტის ინიცირება და მისი დაჩქარების წესით განხილვის მოთხოვნა განპირობებულია იმ გარემოებიდან, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს ვადა ეწურება საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გამოძიების საქმეს. საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე კი, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს აღნიშნული საქმის გამოძიება და კანონის თანახმად, შეიქმნას გამოძიების გაგრძელების საფუძველი. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან პირის გათავისუფლება ნაცვლად 25 წლისა, 30 წლის შემდეგ მოხდება.

სხდომაზე საორგანიზაციო საკითხების განხილვისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 24 დეკემბრის N2 წარდგინების თაობაზე, რომელიც „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენას“ შეეხებოდა, ბიუროს წევრების მხრიდან განცხადებები გაკეთდა. საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის წევრების მოსაზრებებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია მისი განხილვა მაქსიმალურად გამჭვირვალე დისკუსიის და კანდიდატების დეტალური შესწავლის პროცესში წარიმართოს, რადგან იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხს შეეხება. ბიუროს წევრები „თამარ ჟვანიას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებას და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრის, ზაზა შათირიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებასაც გაეცნენ.

ტეგები