დავაყენებთ იმ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელიც აეროპორტის გზაზე სამუშაოებს ახორციელებს - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 25 / 12 / 2018 18:52
დავაყენებთ იმ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელიც აეროპორტის გზაზე სამუშაოებს ახორციელებს - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, დადგება იმ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც აეროპორტის გზაზე მდებარე, ე.წ. ვარკეთილის ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში, დეპუტატ ბექა დავითულიანის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. დავითულიანის თქმით, აეროპორტის გზაზე რამდენიმე თვეა სარეაბილიტაციო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნის. 

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია. უახლოეს დღეებში ამის შესახებ მსჯელობა გვექნება და აუცილებლად დავაყენებთ ამ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხს იმიტომ, რომ კატეგორიულად მიუღებელია ამ კომპანიის დამოკიდებულება, პირველ რიგში, თბილისის მოსახლეობის მიმართ. 30-მეტრიან მონაკვეთზე უკვე შვიდი თვეა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შენიშვნას ვიღებთ, რასაც პირადად ჩემი და მერიის სამსახურების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, მომდევნო წლებში მეტი ყურადღება გამახვილდება იმაზე, რომ მსგავსმა კომპანიებმა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა არ მიიღონ. 

„სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ასეთი კომპანიები. თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წელს ამ საკითხს გაცილებით ყურადღებით მოვეკიდებით და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტენდერით ხდება, თუმცა ასეთ კომპანიებს თავიანთი  ადგილი უნდა ჰქონდეთ და ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.