ავარიული კორპუსები არის ქალაქის საზრუნავი და ამისთვის თანხები არ უნდა დავზოგოთ - ირაკლი ხმალაძე
ამობეჭდვა · 25 / 12 / 2018 19:37
ავარიული კორპუსები არის ქალაქის საზრუნავი და ამისთვის თანხები არ უნდა დავზოგოთ - ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში ავარიული კორპუსების პრობლემა დგას და ამაზე თანხები ვერ დაიზოგება. 

ამის შესახებ ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის დათო ჟღენტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ავარიული კორპუსების შესახებ გვაქვს ასეთი მდგომარეობა - 2018 წელს დაგეგმილი იყო 18 მილიონი ლარის დახარჯვა, რომელიც შემდგომში სატენდერო ეკონომიების გზით შემცირდა. ზოგადად, ავარიული კორპუსების გამაგრების დაფინანსება ხდება წესით, რომელიც დამტკიცებულია საკრებულოს მიერ. ჩვენ შეგვიძლია, ერთი წლის საქმიანობა შევაჯამოთ და შევხედოთ, რამდენად შედეგიანი იყო ამ წესის შესრულების გზით ამ ღონისძიებების განხორციელება და დავგეგმოთ ცვლილებები იმისთვის, რომ  2019 წელს ამ პროექტების განხორციელება უფრო მასშტაბურად შევძლოთ. 

მზად ვიქნებით, რომ წლის განმავლობაში, დამატებით გავუწიოთ დაფინანსება ამ მიმართულებას. ვეთანხმები ერთსულოვან მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ეს არის ქალაქის პრობლემა და საზრუნავი და ჩვენ არ უნდა დავზოგოთ თანხები,  თუმცა, არ უნდა გვქონდეს ისეთი წესი, რომელიც იქნება არაეფექტური. ამ კუთხით მუშაობას საკრებულოსთან ერთად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.