სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
ამობეჭდვა · 27 / 12 / 2018 13:09
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ ლევან შონიას აღკვეთის ღონისძიებად თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ლევან შონიამ ნაწილობრივ აღიარა ბრალი. საუბარია 10 000 დოლარის მიღების ფაქტზე, თუმცა აღნიშნა, რომ მას ეს თანხა უკანონო საჩუქრის სახით არ აუღია.

სხდომის დასრულების შემდეგ შონიამ სასამართლო უკომენტაროდ დატოვა.

ადვოკატ იზა კალატოზიშვილის განცხადებით, ეს იყო ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხა. ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანისთვის განკუთვნილი, რაც ბიზნესმენმა გადარიცხა მისი კეთილი ნებით. აუცილებლად მოხდება ამ თანხის დეკლარირება“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

საქმის პროკურორის ბექა ეჟიშვილის თქმით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 10 000 დოლარი შონიას რამე ქმედებისთვის არ აუღია.

ეჟიშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეში სხვა პირებიც არიან ბრალდებული, მათ შორის ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა, რომლებსაც ბრალი ედებათ ქრთამის აღებაში.

„21 000 დოლარი რომ ქრთამის სახით აიღეს, ეს დასტურდება. შონიას შემთხვევაში, საქმეში ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით უკანონო საჩუქრის მიღება მტკიცდება. პროკურორის თქმით, შონიას გვარი დანარჩენი ოთხი პირის ბრალდების საქმეში არსებულ ჩანაწერში გამოიკვეთა და ამ მოტივით გაერთიანდა საქმეები“, – განაცხადა პროკურორმა.

წინასასამართლო სხდომა 4 თებერვალს ჩაინიშნა.

ტეგები